შემოგვიერთდი

18.03.2013 11:42

რადიო „აჭარა“ ტელეკომპანიისგან დამოუკიდებელ კონტენტს ქმნის

ნატა ძველიშვილი გელა ბოჩიკაშვილი
ახლო ხედით


რადიო „აჭარა“ 18 მარტიდან ახალი გადაცემებით გადის ეთერში. მაუწყებელში ერთთვიანი რეორგანიზაცია დასრულდა, რის შემდეგაც რადიოს საინფორმაციო პოლიტიკა ტელევიზია „აჭარისგან“ სრულად გაიმიჯნა. თუმცა, ორივე მათგანი, რადიოც და ტელევიზიაც, სტატუსის განსაზღვრამდე კვლავ აჭარის ავტონომიური რეპუბლიკის მთავრობის ტელე-რადიო დეპარტამენტს ეკუთვნის.

დეპარტამენტის უფროსად სოსო სტურუას დანიშვნის შემდეგ რადიო „აჭარის“ ახალი ამბების რედაქციის უფროსის პოზიცია თამილა დოლიძემ დაიკავა, რომელიც უკვე 23 წელია ამ რადიოში მუშაობს. ის Media.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო 7-8 წლის განმავლობაში რადიოში საკუთარი ძალით მოპოვებული ახალი ამბები არ არსებობდა და ეთერში ტელეკომპანია „აჭარის“ საინფორმაციო გამოშვების მოდიფიცირებული ვარიანტი გადიოდა.

„მთლიანად ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურზე ვიყავით დამოკიდებულნი, რადგან მისი ერთი პატარა რგოლი ვიყავით. 2 პროდიუსერი და ერთი კორესპონდენტი იყო დარჩენილი, რომელიც ტელევიზიის ახალ ამბებს რადიოს ფორმატს არგებდა“,- ამბობს თამილა დოლიძე. მისი თქმით, რადიოს შენობაში სოციალური მედია მთლიანად დაბლოკილი იყო, კომუნიკაციისთვის მხოლოდ Skype -ის გამოყენება იყო ნებადართული.

„ეს შეზღუდვა მოიხსნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გავაკეთეთ რადიოს გვერდი Facebook-ზე, იგეგმება ვებ-გვერდის შექმნა. ამ გვარდების საშუალებით გადაცემებს ონალინ რეჟიმში გავუშვებთ და მათი ყურებაც იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნავს თამილა დოლიძე. ამბობს, რომ გასულ წლებში არსებული პოლიტიკის მიმართ პროტესტი ყოველთვის უჩნდებოდა და საკუთარ სათქმელს სოციალური ქსელებითა და ადგილობრივი ტელეკომპანია „25-ე არხის“ საშუალებით ამბობდა, რის გამოც ხელმძღვანელობასთან დაპირსიპირება ჰქონდა.

რადიოს გეგმები


რადიო „აჭარაში“ ახლა ტექნიკური გადაიარაღება მიმდინარეობს. სტატუსის განსაზღვრამდე ბიუჯეტიდან 6 თვის დაფინანსება გამოიყო. მას შემდეგ, რაც რადიო სრულად აღიჭურვება, საინფორმაციო გამოშვების უფრო დახვეწას გეგმავენ. ამჟამად საინფორმაციო გამოშვება დღის განმავლობაში 11-ჯერ გადის. შემაჯამებელი გადაცემა საღამოს 6 საათზე დაახლოებით 5 წუთიანი ქრონომეტრაჟით გადაიცემა. თამილა დოლიძე ამბობს, რომ მალე მისი ხანგრძლივობა 10 წუთამდე გაიზრდება, იქნება სიუჟეტები, სინქრონები, ჟურნალისტის ჩართვები.

რადიო „აჭარის“ სამაუწყებლო ბადეს რამდენიმე გადაცემა დაემატა, მათ შორის დილის პროგრამა,გარდა ამისა, ინგა მებონია წაიყვანს რამდენიმე თემატურ გადაცემას, საზოგადოებრივ თემებს 6-დან 7 საათამდე ირმა ჩხაიძე მიმოიხილავს. თეონა ზედანია კი  გასართობ გადაცემას შაბათ-კვირას გაუძღვება. ეთერში აგრეთვე გავა „საუბრები მაკა ივანიშვილთან“. მაკა ივანიშვილიამავდროულად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველია.

თამილა დოლიძის თქმით, რადიოს ამ დრომდე რეიტინგი თითქმის არ ჰქონდა, ახლა მათი მთავარი ამოცანა მსმენელის დაბრუნება და მათი ნდობის მოპოვებაა. პირობას დებს, რომ გააშუქებენ ყველა აქტუალურ თემას და მოსახლეობის პრობლემებს.

რადიოში ამჟამად სულ 19 თანამშრომელი მუშაობს. სტატუსის განსაზღვრის შემდეგ საკადრო პოლიტიკასაც გადახედავენ. პარლამენტში ამჟამად ორი კანონპროექტია შესული - პირველი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიცირებული, რომლის თანახმადაც როგორც რადიო, ისე ტელევიზია „აჭარა“ რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად უნდა გადაკეთდეს, კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ მიერ მომზადებული პოექტის თანახმად კი „აჭარა“ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეოთხე არხი უნდა გახდეს. თამილა დოლიძის თქმით, მათთვის რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთება უფრო მისაღებია. „ვერ განვითარდება არხი, როდესაც ვიღაცაზეა მიბმული, გვაქვს „პიკის“ მაგალითი, როდესაც აღარ მოუნდა და დაიხურა“, - განმარტავს ის.

 

იპოვეთ რადიო "აჭარა" Media.Ge-ს "მედია ატლასში"

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test