შემოგვიერთდი

28.02.2013 11:32

სატელევიზიო სიხშირის გარეშე დარჩენილმა „მარნეული ტვ“-მ ინტერნეტში გადაინაცვლა

ახლო ხედით

სტუდია „მარნეული ტვ“-ს  მაუწყებლობამ მთლიანად ინტერნეტში გადაინაცვლა,  მას შემდეგ,  რაც ის   სიხშირის გარეშე   დარჩა,  მასსა და ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიას შორის ხელშეკრულების განუახლებლობის გამო.

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია  მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საერთო ტელემაუწყებლობის  ლიცენზიას  ფლობს და შესაბამისად გამოყოფილი აქვს 43-ე დეციმეტრული არხი, რომლის საშუალებითაც   „მარნეული ტვ“  საკუთარ თუ სხვა პროგრამებს    ტელე-რადიო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემდა. 

2006 წელს დაარსებული სტუდიის  დირექტორმა შალვა შუბლაძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ ერთწლიანი ხელშეკრულება, რომლის ვადაც  2013 წელს 1 იანვარს ამოიწურა, ტელე-რადიოკომპანიამ აღარ გააგრძელა.

„ლიცენზიის მფლობელებმა მოითხოვეს, რომ ჩვენ აღარ გვეწარმოებინა საკუთარი პროდუქცია,  იგივე, საინფორმაციო  პროგრამები. არ მოგვეზიდა გრანტები, რასაც ვერ დავეთანხმებოდით“, განაცხადა შალვა შუბლაძემ", 

„მარნეულის აზერბაიჯანული  მოსახლეობა გაურკვევლობაშია,  აზერბაიჯანული მედია კი ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს „მარნეული ტვ“-ს მაუწყებლობა ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა. დღევანდელ ხელისუფლებას  არაფერი ესაქმება ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან“, დასძინა შუბლაძემ.

მისივე თქმით, ყოფილმა პარტნიორებმა, რომლებიც ასევე ფლობენ რუსთავში ტელემაუწყებლობის ლიცენზიას, რუსთავის ტელევიზიის გადაცემების გავრცელება მარნეულშიც დაიწყეს „ბლექსისატის“  სიგნალით,  ადგილზე „რაღაც ბიუროც კი შექმნეს“.

„მათ, ბიუროს გახსნამდე, სურდათ საკუთარი გადაცემების გავრცელება ჩვენი ინფრაქსტრუქრტურის საშუალებით -  ჩვენივე გადამცემით, სხვა ტექნიკით, სტუდიით“, თქვა „მარნეული ტვ“-ს დირექტორმა“, „რედაქციას, რომელიც რუსთავში მაუწყებლობს, არ ვემორჩილებოდით,  თუმცა ანგარიშს ვუწევდით.  ხანდახან იყო წინააღმდეგობებიც. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ლიცენზიის მფლობელებს არ სურდათ, რომ ადგილობრივი ამბები დამოუკიდებლად გაგვეშუქებინა, არადა ეს ჩვენი  სტუდიის მიზანია და  წესდებაშიცს ასე  გვიწერია.

 „ახლა ინტერნეტში ვმაუწყებლობთ, სტუდიის 15-ვე თანამშრომელი, უკვე პროფესიონალად ჩამოყალიბებული ადამიანთა ჯგუფი -  ეთნიკური ქართველები და აზერბაიჯანელები -   ამ საქმით არის დაკავებული: გადავცემთ ახალ ამბებს. მაგრამ რაღაც პროგრამები შევაჩერეთ,  დონორერბთანაც გვაქვს დაგროვილი  საკითხები გასარკვევი“ დასძინა შუბლაძემ.

როლანდ მგალობლიშვილმა,  შპს „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის“ საკონტროლო წილის მფლობელმა,  Media.Ge-ს განუცხადა, რომ შალვა შუბლაძის ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება.

„სტუდიასთან ხელშეკრულებას ყოველ წელიწადს ვაახლებდით და ამ მხრივ  პრობლემები  მათთან არასოდეს გვქონია. თუმცა, საქმე ისაა, რომ ლიცენზიის მფლობელები ჩვენ ვართ,  პარტნიორ სტუდიას კი 24- საათიანი მაუწყებლობის უფლება არ აქვს, რასაც აქამდე აკეთებდა.  ეს საკითხი კანონით არის დარეგულირებული და ამასვე ითხოვს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომლისგანაც „მარნეული ტვ“-ს მაუწყებლობის ფორმატის გამო, საყვედურებს ვიღებდით. ამიტომ, მას შემდეგ, რაც რუსთავის ტელევიზიის გადაცემების გავრცელება „ბლექსისატის“ სიგნალით მარნეულშიც დავიწყეთ, შალვას და მის სტუდიას შევთავაზეთ,  რომ  მარნეულში  მთლიან საეთერო დროის 2-3 სათი მათთვის დაგვეთმო., რაზედაც, სამწუხაროდ,  უარი მივიღეთ“, თქვა როლანდ მგალობლიშვილმა.

მან შეახსენა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნაც მაუწყებლების მიმართ, ყოველკვირეულად პროგრამული ბადის ანგარიშის წარდგენის შესახებ.

„ჩვენ ვალდებულები ვაყოვით გაგვეკონტროლებინა სტუდიის მიერ მომზადებული საეთერო ბადე, რადგან, მათი პროგრამების შინაარსზე, როგორც ლიცენზიის მფლობელები,  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინაშე პასუხისმგებლები ვიყავით. ვეღარ დავხუჭავდით თვალს, მარნეულის ტელევიზიაში, მაგალითად არალიცენზირებული ფილმების გაშვებაზე, რის გამოც კომისია გვსაყვედურობდა“, თქვა მგალობლიშვილმა.

„ახლა, დაახლოებით ერთი კვირაა,  მარნეულში სტუდია ჩვენს მიერ შექმნილმა  „მარნეულის „ტელევიზიამ“ ჩაანაცვლა“, რომელიც რუსთავის ადგილობრივ პროგრამებს გადასცემს“, თქვა მგალობლიშვილმა.

შალვა შუბლაძე უარყოფს იმას, რომ მგალობლიშვილმა მათ საეთერო დროის რაღაც ნაწილი შესთავაზა.

"ეს ასე არ იყო, ტელე-რადიო კომპანიას სურდა,  რომ ჩვენივე გადამცემით და საკომუნიკაციო სტრუქტურით რუსთავის ტელევიზიის გადაცემების უბრალო გამტარები, დისტრიბუტორები, გავმხდარიყავით", თქვა "მარნეული ტვ"-ს დირექტორმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსმა ივანე მახარაძემ, Media.Ge-ს აცნობა, რომ სტუდიასა და ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის ურთიერთობის შესახებ  კომისიაში ინფორმირებულები არიან.

„ჩვენ ქვემო ქართლიდან შეკითხვით მოგვმართეს, შეზღუდული იყო  თუ არა სტუდია საეთერო დროით. მათ  განვუმარტეთ,  რომ   ასეთი რეგულაცია დადგენილი არ არის“, თქვა მახარაძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test