შემოგვიერთდი

12.04.2013 16:55

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს წევრები პროცესის შენელებაზე საუბრობენ

ნატა ძველიშვილი
ციფრული მაუწყებლობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შექმნილი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭოს სამუშაო ჯგუფებს საბოლოო დოკუმენტი ჯერ არ შეუქმნიათ. საბჭოს წევრები ამბობენ, რომ პროცესი შეჩერდა და სამუშაო შეხვედრაც დიდი ხანია აღარ გამართულა, თუმცა საწინააღმდეგოს ამტკიცებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ჯემალ ვაშაკიძე, რომელიც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესს წარმართავს.

ციფრულ მაწყებლობზე გადასვლის საბჭო გასული წლის დეკემბერში შეიქმნა, უკვე იანვარში ტექნიკურ საკითხთა სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდა, 13 თებერვალს კი ეკონომიკური ფინანსური და სოციალურ საკთხთა სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ასევე უნდა ჩამოყალიბებულიყო სამართლებრივ საკითხთა სამუშაო ჯგუფი, თუმცა ეს ჯგუფი ჯერ არ დაკომპლექტებულა. მათ უნდა მოემზადებინათ საკუთარი ხედვა თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა.

„რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი, რომელიც ტექნიკურ საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრია, ამბობს, რომ ერთიან შეჯერებულ აზრამდე ჯგუფის წევრები არ მისულან.

„სხვადსხვა ჯგუფებმა გარკვეული პროექტები შესთავაზეს სამინისტროს, მაგრამ ოფიციალური გადაწყვეტილება არ ყოფილა. არანაირი დოკუმენტი არ გვიჭირავს ხელში. რა შედეგი,  რა ხედვა წარადგინა ტექნიკურმა ჯგუფმა მე არ ვიცი. პროცესი არის შეჩერებული. დიდი პაუზაა აღებული და ვერ გავიგე რატომ. არანაირი განმარტება სამინისტროს არ მოუცია“, - უთხრა Media.Ge-ს ნათია კუპრაშვილმა.

სოციალურ საკითხთა ქვეჯგუფის ხელმძღვანელის უჩა სეთურის თქმით, მეორე სამუშაო ჯგუფის შექმნიდან დაახლოებით ორ კვირაში ეკონომიკის სამინისტროს ორი დოკუმენტი გაუგზავნა, რომელიც ეხებოდა როგორც ბოლო მომხმარებლების სუბსიდირებას, ასევე ბაზარზე კონკურენციას.

„ვთხოვეთ სამინისტროს, იმის მიხედვით, თუ როგორ იქნებოდა ტექნიკურ ნაწილში მათი პოლიტიკა, მოგვეხდინა ჩვენი დოკუმენტის კორექტირება. მათ არ უთქვამთ, რომელი მიმართულებით გვემუშავა. სამინისტროს აღარ დაუნიშნავს სამუშაო შეხვედრა, მადლობა გადაგვიხადა და დამთავრდა ამით ყველაფერი. ამის მერე კომუნიკაცია შეწყდა სამინისტროსთან“, - აღნიშნავს უჩა სეთური.

მისი თქმით, კოალიციის „მედია ადვოკატირებისთვის“ ფარგლებში ამზადებენ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ახალ სტრატეგიას, რის შემდეგაც სამინისტროსთან შეხვედრას კვლავ მოითხოვენ.

„მოტივაცია იყო წევრების მხრიდან, ყველა აქტიურად იყო ჩართული, მათ ვერ დავაბრალებთ იმას, რომ უყურადღებოდ მოეკიდნენ საქმეს. შესაბამისად, ვინც უწევს ფასილიტაციას და ვისაც პასუხისმგებლობა აკისრია, ეკონომიკის სამინისტროს ვგულისხმობ, პროცესის შენელება მისი ბრალია“, - აღნიშნავს ნათია კუპრაშვილი. მისი თქმით, სჯობს რაღაც ტიპის მოდელი შეიმუშაონ, იყოს კონკრეტული გადაწყვეტილება, „რასაც შეიძლება არ ეთანხმებოდე და გარკვეული საკთხების შეცვლას ითხოვდე, ვიდრე იყო მუდმივ გაურკვევლობაში“.

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ჯემალ ვაშაკიძე კი ამბობს, რომ ყველა ჯგუფის მუშაობა ისეა გადაბმული ერთმანეთზე, რომ ჯგუფის ნამუშევრები შეჯერებას მოითხოვს.

„იმდენად უკავშირდება ყველაფერი ერთმანეთს, იმის თქმა, რომ რომელიმემ დაასრულა მუშაობა, შეუძლებელია“, - უთხრა Media.Ge-ს ჯემალ ვაშაკიძემ. ის ირწმუნება, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაზე მუშაობა იმავე ტემპში მიმდინარეობს, როგორც დაიწყო.

„მე არ ვიცი მაგას ვინ იძახის, რატომ და რა მიზნით, მაგრამ არანაირი პროცესი არ შენელებულა. მუშაობა მიდის. ეს ცოცხალი მუშა პროცესია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყოველ დღე აქ უნდა მოვიდეს და სხდომები გაიმართოს, ეს მცდარი პოზიციაა“, - აღნიშნა ჯემალ ვაშაკიძემ. მისივე თქმით, ერთი კვირის შემდეგ სამართლებრივ საკთხთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. გარდა ამისა, ამ პროცესის ფარგლებში სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებისგან შემდგარი ჯგუფი 16 აპრილს ჟენევაში, ITU-ში (საერთაშორისო ტელეკომუნიაციების კავშირი)მიემგზავრება. განიხილავენ სიხშირული რესურსის კოორდინაციის საკითხს და იმსჯელებენ დამატებითი სიხშირეების გამოყოფაზეც.

საქართველო ახლა ანალოგურად მაუწყებლობს, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა  საერთაშორისო ვალდებულებაა. ITU-მ ევროპის ქვეყნებს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ბოლო ვადად 2015 წლის 17 ივნისი განუსაზღვრა. 2006 წელს სხვა ქვეყნებათან ერთად ეს ვალდებულება საქართველომაც აიღო და ჟენევის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ამ პროცესის წარმართვა საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ციფრულ მაუწყებლობაზე უკვე გადასულია. საქართველო კი ამ პროცესზე ახლა მსჯელობს.  სტრატეგიის შექმნაში სამინისტროს EBRD-ის ექსპერტები ეხმარებოდნენ. საბოლოო პოლიტიკა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. დოკუმენტი ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭომ უნდა შეიმუშაოს

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test