შემოგვიერთდი

22.11.2009 18:18

გაზეთი „სვობოდნაია გრუზია“

David Mchedlidze
ახლო ხედით

გაზეთის პირველი ნომერი 1922 წელს გამოვიდა და 1991 წლამდე "ზარია ვოსოტოკას" ("Заря Востока") სახელწოდებით იბეჭდებოდა. 1991 წლის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, "მოლოდიოჟ გრუზიი" ("Молодежь Грузии")  და "ზარია ვოსტოკა"  გაერთიანდნენ და მათ ბაზაზე შეიქმნა გაზეთი "ვესტნიკ გრუზიი" ("Вестник Грузии"), რომელმაც, ამ სახელწოდებით,  სამი თვე იარსება.  1991 წლის ათი აპრილიდან  გაზეთი "სვობოდნაია გრუზიას" ("Свободная Грузия") სახელწოდებით გამოდის. როგორც მთავარი რედაქტორი ტატო ლასხიშვილი ამბობს, გამოცემა გათვლიალია რუსულენოვან მკითხველზე და ასევე იმ ქართველებზე, რომლებმაც კარგად იციან რუსული ენა. 1997 წლიდან ამუშავდა  გაზეთის ელექტრონული ვერსია (http://www.svobodnaya-gruzia.com/), მას 45 ქვეყანაში ეცნობიან. "2002 წლის აღწერის მონაცემებით" რუსულ ენას საქართველოში ფლობს მილიონ ნახევრამდე ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ   "სვობოდნაია გრუზია" იბეჭდება არა მხოლოდ ეროვნული უმცირესობებისთვის,  არამედ ქართველი მკითხველისთვისაც. ეს არის ქართული გაზეთი რუსულ ენაზე", – ამბობს ლასხიშვილი. "სვობოდნაია გრუზია", რომელიც საზოგადოებრივ - პოლიტიკური გაზეთია, თავდაპირველად ყოველდღე გამოდიოდა, შემდეგ კვირაში სამჯერ, ხოლო 2006 წლიდან კვირაში ერთხელ გამოდის. გაზეთის სტაბილურობას იმანაც შეუშალა ხელი, რომ რედაქცია გამუდმებით იცვლიდა მისამართს. გაზეთის დამფუძნებლები არიან ჟურნალისტები. "სვობოდნაია გრუზიას" ამავე სახელწოდების შპს გამოსცემს. რედაქციაში მუშაობს 15 ადამიანი.  2009 წლიდან "სვობოდნაია გრუზია"  გამოდის დამატებით - "ნაროდნაია გაზეტა" ("Народная Газета"). ეს  ფონდ "რუსკი მირის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვების შედეგად გახდა შესაძლებელი. ფონდ "რუსკი მირის" ყოველწლიური კონკურსის მიზანია,   რუსული ენის პოპულარიზაცია რუსეთის გარეთ.

ტატო ლასხიშვილის თქმით,  პოლიტიკური სპექტრი გაზეთის მიმართ  გულგრილია. "ჩემი აზრით, ბევრ პოლიტიკოსს გამოცემის ენა აფრთხობს. რადგან მათ ინტერესი არ აქვთ, არც ჩვენ ვამყარებთ მათთან ურთიერთობას", – ამბობს ლასხიშვილი. მთავარი რედაქტორის ინფორმაციით, გაზეთის ტირაჟი  3 ათასამდე მერყეობს და  ვრცელდება საქართველოს ყველა რეგიონში. გამოცემის დაფინანსების ძირითადი  წყარო რეკლამა და სხვადასხვა სახის დახმარებებია, რომელც, ტატო ლასხიშვილის თქმით,  პირად ურთიერთობებზეა აგებული.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test