შემოგვიერთდი

19.10.2009 15:13

სტუდია GNS

David Mchedlidze
ახლო ხედით

დამოუკიდებელ  სტუდია GNS ოქტომბერში ერთი წლის ხდება. სტუდიის მიერ მომზადებული გადაცემა "კვირის რეპორტაჟი" კვირაობით, საღამოს ცხრა საათზე, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გადის.

ტელეკომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით,  სტუდიის გადაცემებს  ტელეარხი ყიდულობს. მთავარი პირობაა, რომ გადაცემა იყოს ეთიკის დაცვით მომზადებული, წინაღმდეგ შემთხვევაში, "კავკასიას" იტოვებს  უფლებას,  სტუდიის პროდუქტი არ გაუშვას ეთერში, რისი პრეცედენტიც ჯერ არ ყოფილა.

GNS  2008 წლის ოქტომბერში გატარდა რეგისტრაციაში, როგორც არაკომერაციული, არასამეწარმეო იურიდიული პირი - არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის დამფუძნებლები ტელეკომპანია "რუსთავის 2" – ის ყოფილი ჟურნალისტები თამარ რუხაძე და ნანა ლეჟავა არიან.

ორგანიზაციას არ ჰყავს გამგეობა და თანათავმჯდომარეობის პრინციპით მართავენ  დამფუძნებლები. GNS - ის წესდებაში წერია, რომ მიზანია სატელევიზიო პროექტების შექმნა, ასევე მედიამონიტორინგი, ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ა.შ.

"ამ დროისთვის მოფიქრებული იყო გადაცემა, რომლის შექმნასაც ვაპირებდით - ეს იყო "კვირის რეპორტაჟი", რომელიც 2 ნოემბრიდან გავიდა "კავკასიის" ეთერში" – ამბობს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი და გადაცემის პროდუსერი თამარ რუხაძე.

თუმცა, მანამდე იყო ორწლიანი პაუზის პერიოდი ჟურნალისტიკაში. როგორც თამარ რუხაძე ამბობს, მას შემდეგ, რაც 2006 წელს "რუსთავი 2" პროტესტის ნიშნად დატოვეს,  ჯერ ქვეყნიდან წავიდნენ, ხოლო შემდეგ კი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში "მოძრაობა ,ერთიანი საქართველოსთვის"  გადავიდნენ. პარტიის დატოვების შემდეგ, 2008 წლის ზაფხულიდან,  დაიწყო სტუდიის ჩამოყალიბება.

"ვშიშობდით, რომ ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში და შემდეგ უკან დაბრუნება გაგვიჭირდებოდა, ვცდილობდით, რომ ეს არ ყოფილიყო მაყურებლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი და ჩვენს პროფესიონალიზმში ეჭვი არვის შეეტანა. დღეს, არა მგონია, ვინმეს ენაღვლებოდეს, სად ვიყავით ორი წლის წინ," – ამბობს თამარ რუხაძე.

მისივე თქმით,  სტუდიის დაარსება ბოლო პერიოდში სიატუაციის შეცვლამ განაპირობა, კერძოდ, იმან, რომ  დონორები მეტ ყურადღებას უთმობენ დამოუკიდებელ სტუდიებს.

ამჟამად სტუდიაში  თამარ რუხაძესა და  ნანა ლეჟავასთან ერთად  მუშაობენ  ჟურნალისტები  იმედა დარსალია და თეონა გეგელია, ასევე  ორი ოპერატორი. ჰყავთ  მძღოლიც.

სტუდიის დაარსება, როგორც თამარ რუხაძე ამბობს, მეგობრების მიერ მიცემული ფულით მოხდა. თანხა   რეგისტრაციის ხარჯებს მოხმარდა. კამერა ნანა ლეჟავამ მოიტანა, ხოლო სიუჟეტებს ტელეკომპანია "კავკასიის" აპარატურით ამონტაჟებდნენ.

სტუდიას ახლა საკუთარი ტექნიკა აქვს, რომლის შეძენა    ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" დაფინანსებით მოხერხდა.

"თანხის ძირითადი ნაწილი  ტექნიკის შეძენას მოხმარდა. შევიძინეთ ორი კამერა თავის აქსესუარებით, კომპიუტერი და ვიდეო სამონტაჟო", – ამბობს რუხაძე.

GNS-ის მიერ მომზადებული გადაცემების რეიტინგზე მსჯელობა სტუდიის ახლადშექმნილ ბლოგზე ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით არის შესაძლებელი, რადგან "კავკასია",რომელიც ძირითადად, თბილისსა და მის შემოგარენში მაუწყებლობს,  არ სარგებლობს კვლევის ისეთი მეთოდით, როგორიცაა ფიფლმეტრი.

"ბლოგზე  ჯერ მხოლოდ ათი გადაცემაა ატვირთული და  უკვე 11 ათასი უნიკალური ვიზიტორია შემოსული",-ამბობს თამარ რუხაძე.

როგორც გადაცემის პროდიუსერი ამბობს, სტუდიის პროდუქტი საზოგადოების იმ ნაწილს აინტერესებს, რომელსაც  სურვილი აქვს, ჰქონდეს მეტი რეალური ინფორმაცია,  ვიდრე სხვა არხებიდან მიეწოდებათ, გადაცემის სლოგანიც ასეთია: "ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავ".

"ეს არ ნიშნავს იმას, რომ თემებს, რომელსაც ჩვენ ვაშუქებთ, სხა არხები არ აშუქებენ. მაგრამ ხშირად ვეხებით დეტალებს, რომელსაც სხვაგან თავს არიდებენ, ან ვიღებთ თემას, რომელსაც არავინ აშუქებს", – აღნიშნავს თამარ რუხაძე.

მისი თქმით,  "კვირის რეპორტაჟი"  არ არის კლასიკური საგამოძებო ტიპის გადაცემა, მაგრამ  სიუჟეტები შეიცავს გამოძიების ელემენტებს. ამის გამო, ხელისუფლების წარმომადგენლები  სტუდიასთან ურთიერთობას  თავს არიდებენ. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ძალოვან  სტურუქტურები გამოირჩევიან. როგორც სტუდიაში ამბობენ, ერთი წლის განმავლობაში  არაერთხელ ყოფილა, როცა შს სამინისტროდან კომენტარის მიღება სცადეს, მაგრამ უარი მიიღეს.

"მხოლოდ ერთხელ გაგვიმართლა და კომენტარზე დაგვთანხმდნენ", ამბობს თამარ რუხაძე.

"სტანდარტის მიხედვით, ორივე მხარის კომენტარი უნდა გვქონდეს და ისე გავიდეს სიუჟეტი ეთერში. მაგრამ  ასე რომ მივუგდეთ,  ძალიან ბევრ თემას ვერ გავაშუქებთ", – დასძენს ის.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test