შემოგვიერთდი

22.09.2009 12:20

გაზეთი "24 საათი”

David Mchedlidze
ახლო ხედით

"ჩვენი დევიზია ფაქტები, მათი ანალიზი იმისთვის, რომ მკითხველს, როცა დრო დადგება, სწორი და გააზრებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს",- ასეთია გაზეთ "24 საათის" დევიზი", - ამბობს "24 საათის" მთავარი რედაქტორი,  პაატა ვეშაპიძე.

"24 საათი" ყოველდღიური 16 გვერდიანი გამოცემაა და მისი ტირაჟი, საშუალოდ, 3500 ეგზემპლარს შეადგენს. გაზეთს აქვს ჩანართები "ბიზნესი", "სპორტი" "უიქენდი" და ა.შ.  გაზეთი, რომელსაც საკუთარი სტამბაც აქვს,  დაარსდა 2002 წელს და პირველი ნომერი ამავე წლის 1 ივნისს გამოვიდა. რედაქციაში დასაქმებულია დაახლოებით 60 ადამიანი.

"გვსურდა, გაგვეკეთებინა ჩვეულებრივი საზოგადოებრივ - პოლიტიკური გაზეთი, რომელიც არ იქნებოდა ორიენტირებული სიყვითლესა და სენსაციაზე, იქნებოდა მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური გამოცემა", – აცხადებს პაატა ვეშაპიძე.

"იყო  დრო,  როცა ობიექტური მედიის პრინციპებით ვხელმძღვანელობდით და იყო პერიოდი, როცა  ამ პრინციპებს ვუღალატეთ, ვგულისხმობ  2003 წლის შემოდგომას,  ვარდების რევოლუციის გაშუქების დროს  "24 საათი" ნამდვილად არ იყო ობიექტური ", - აღნიშნავს ვეშაპიძე.

რაც შეეხება რეიტინგს,  როგორც გამოცემის მთავარი რედაქტორი ამბობს, გაზეთების რეიტინგები საქართველოში იშვიათად კეთდება. თუმცა, 2006 წელს  ამერიკულმა ორგანიზაციებმა სცადეს ასეთი  რეიტინგის დადგენა.   ამ კვლევის მიხედვით, "24 საათს",  ნდობის მხრივ, საუკეთესო მაჩვენებლი ჰქონდა. რაც შეეხება აუდიტორიას, გაზეთმა  მეოთხე ადგილი დაიკავა გამოცემების  "კვირის პალიტრის", "ასავალ – დასავალისა" და "ალიას" შემდეგ.

როგორც პაატა ვეშაპიძე ამბობს, ფინანსური თვალსაზირისით გაზეთს,  სხვა ქართული ბეჭდური გამოცემების მსგავსად,  არც თუ ისე დალხინებული მდგომარეობა აქვს, თუმცა განვითარებას მაინც ცდილობენ.

"24 საათის" სტრატეგია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ქვეყნის  შიდა სარეკლამო რესურსი შემცირდა. გაზეთის  ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა,  აქცენტი   საერთაშორისო  ბიზნეს ურთიერთობებზე გადაეტანა  და საქმე  უცხოელ  პარტნიორთან დაეჭირა. მცდელობამ შედეგი  გამოიღო. გერმანულ-სლოვაკურ   საგამომცემლო კომპანიას  ქართულ  გაზეთში წილის   34,5 % ეკუთვნის.

რადგან   წილებს შევეხეთ, აქვე ვიტყვით, რომ  "24 საათის"  22,5 %-იან წილს პაატა ვეშაპიძე ფლობს, ხოლო დანარჩენ 43%-ს  მამუკა ფაჩუაშვილი და ვიქტორ დათიკაშვილი   თანაბრად ინაწილებენ.

ამავე დროს,  "24 საათი"  "ნიუ იორკ თაიმსის" საერთაშორისო სინდიკატის სრულუფლებიანი წევრია, ისეთ ცნობილ გამოცემებთან ერთად, როგორიცაა: "გარდიანი", "ლე მონდი" "ელ პაისი", "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი".

"24 საათის"   მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ამ სინდიკატის წევრობა გაზეთს  საშუალებას აძლევს სერიოზული ასპარეზზე გავიდეს და მასალები  უცხოეთშიც გაიტანოს.

"სინდიკატის წევრობა ავტომატურად გულისხმობს ჩვენი გაზეთის ინტერნეტვ ერსიის  მისამართის  არსებობას ამ გაზეთების ვებგვერდებზე, მაგრამ აქ დგას ენის პრობლემა, ვინაიდან ქართული მხოლოდ საქართველოში გამოიყენება.  ამიტომ ვცდილობთ, გამოვნახოთ რესურსები, დავიხმაროთ გრანტები და შევქმნათ ინგლისურენოვანი პორტალი", – ამბობს ვეშაპიძე.

მისი თქმით, სანამ "ნიუ იორკ თაიმსის" სინდიკატის წევრები გახდებოდნენ, ექვსთვიანი კვლევა ჩატარდა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა "24 საათს" სხვადასხვა საკითხების მიმართ.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან ურთერთობას, პაატა ვეშაპიძის თქმით, გაზეთში გამოქვეყნებული პოლიტიკური თემები ხელისუფლების გაღიზიანებას არ იწვევს, რადგან შუქდება  მხოლოდ ფაქტები და არ მისდევს სენსაციებს.  ანალიტიკურ მასალებს კი  კერძო ავტორები ჰყავს  და იქ გამოთქმული მოსაზრებები  იშვიათად სცილდება   კერძო თვალსაზრისს.

"ჩვენ პრობლემები გვექმნება  მაშინ,  როცა ვაშუქებთ  ისეთ თემებს, როგორცაა, მაგალითად,  მშენებლობები თბილისში, მეტროს  ვაგონები, ან ასფალტის ხარისხი. უფრო მეტად აქტიურობენ და მასალების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ ყოფილი ჟურნალისტები და ჩვენი ყოფილი თანამშრომლები, ისინი, რომლებიც  დღეს პრესსამსახურებს ხელმძღვანელობენ", - ამბობს პაატა ვეშაპიძე და იქვე დასძენს, რომ გამოცემა მაქსიმალურად ცდილობს ობიექტურობის შენარჩუნებას.

"საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლების მხარდამჭერები - არასწორია. ამას ამბობენ ის ადამიანები, ვინც "24 საათს" არ კითხულობს,  თუ    წაიკითხავენ, აზრს შეიცვლიან", – აღნიშნავს ვეშაპიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,  მთავარი რედაქტორის თქმით, ვინაიდან ფინანსური პრობლემების გამო სარეკლამო ბაზარი შემცირდა და  შემოსავლებმაც იკლო,  გაზეთს  ახალი  ჩანართები არ დაემატება, სამაგიეროდ,   სექტემბრის ბოლოს განახლდება გაზეთის ვებგვერდი,  ოქტომბრის შუა რიცხვებში კი შეიქმნება მისი ინგლისურენოვანი ვერსია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test