მედია გორში
ქალაქ გორში ჩასულს, პირველ რიგში, რაც თვალში მოგხვდებათ და რაც გორელებისთვისაც სიახლეა, ეს პრესის ახალი ჯიხურებია, ზუსტად ისეთი, თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე, რომ გინახავთ და "პრაიმ-ტაიმის" ჯიხურებს უწოდებენ. თუმცა გორში დადგმულ ჯიხურებში ჯერჯერობით მხოლოდ ლატარიის ბილეთები იყიდება. გამყიდველების თქმით, პრესას უახლოეს დღეებში შემოიტანენ. მათგან მოშორებით, ორიოდ ნაბიჯში, ძველი ჯიხურები ისევ დგას. პრესას, ძირითადად, ჭავჭავაძის გამზირისა და ავტოსადგურის ტერიტორიაზე ყიდიან. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, "ქალაქში ახალი ჯიხურები ისევე მოულოდნელად გაჩნდა, როგორც გაქრა სტალინის ძეგლი. ამ საკითხზე საკრებულოს არ უმსჯელია".
ტელე-რადიოკომპანია "თრიალეთი"
2008 წლის აგვისტოში, საქართველო-რუსეთის ომის დროს, მომხდურებმა გორის სატელევიზო ანძა ააფეთქეს, განადგურდა ტელეკომპანია "თრიალეთისა" და საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" გადამცემები. შედეგად, "თრიალეთის" მაუწყებლობა შეწყდა, თუმცა დროებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, გრანტის ფარგლებში შეძენილი ახალი გადამცემით და აუდიო-ვიდეო ტექნიკით, ტელეკომპანიამ მაუწყებლობა განაახლა.
ტელეკომპანია "თრიალეთი" შიდა ქართლის რეგიონში 1990 წლიდან მაუწყებლობს. ის ძმებმა, ბადრი და ჯონი ნანეტაშვილებმა დაარსეს. ტელეარხს თავიდან "სინემა" ერქვა და გორის მეზობელი ქალაქიდან, ქარელიდან მაუწყებლობდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან კი "თრიალეთის" სახელით საბოლოოდ გორში დაფუძნდა.
მაუწყებლობა თავიდან ერთი კამერითა და ვიდეომაგნიტოფონით დაიწყეს. ტელეარხი ამჟამად სამსართულიან შენობაშია განთავსებული-აქვს სტუდია საინფორმაციო გამოშვებისა და ტოქ-შოუებისთვის. ასევე აქვს სამონტაჟო, საეთერო, ნიუსრუმი და ა.შ.
ტელევიზიის ეთერში დღეში ხუთჯერ გადის საინფორმაციო გამოშვება, ასევე ტოქშოუ "ცხელი ხაზი", სადაც კვირის აქტუალური თემებს განიხილავენ. სტუდია 24 ადამიანს იტევს, გადაცემის პირდაპირ ეთერში გათვალისწინებულია მაყურებლის ზარები. ნებისმიერ მათგანს შეუძლია დარეკოს და მოწვეულ სტუმარს კითხვა დაუსვას. "ცხელი ხაზი" "თრიალეთის" ეთერში კვირაში სამჯერ გადის.
რამდენიმე გადაცემა, მათ შორის ახალგაზრდული და რელიგიური, სექტემბრამდე ეთერში შვებულების გამო არ გადის.
"ჩვენ პირველი ივნისიდან დავიწყეთ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემების
რეტლანსირება. ამან ადგილობრივი ხელისუფლება გაანაწყენა. გაბრაზებულებმა მომსახურების გაწევაზე ჩვენთან გაფორმებული ყველა ხელშეკრულება გააუქმეს", -ამბობს media.ge-სთან საუბრისას ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი, ყოფილი პარლამენტარი, რომელიც შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტიდან რამდენიმე თვის წინ წავიდა.
ბადრი ნანეტაშვილის თქმით, 25 ივნისს, სტალინის ძეგლის აღების დროს , ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი უცნობმა პირებმა სცემეს, ოპერატორს კი კამერა წაართვეს. მართალია, შემდეგ კამერა დააბრუნეს, მაგრამ გადაღებული მასალა წაშლილი იყო.
"ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს გადაცემებში არ მოდიან. ადრე, "მაესტროს" გადაცემების რეტრანლსირებამდე, უპრობლემოდ გვეკონტაქტებოდნენ. გუბერნატორსაც არაერთხელ ვთხოვეთ ეთერში მოსვლა, მაგრამ უარს გვეუბნება"-ამბობს ნანეტაშვილი.
"თრიალეთის" დამფუძნებლებმა 2003 წლის დეკემბერში დაარსეს რადიო "თრიალეთი', რომელიც 24 საათი მაუწყებლობს სიხშირეზე FM 104.8. ეთერში ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებების გარდა გადაიცემა მუსიკა, ახალგზრდული პროგრამები. ერთი საათი რადიო "თავისუფლების" რეტრანსლირებას ეთმობა. მჟამად, ტელერადიოკომპანიის დაფინანსების ძირითადი წყარო გრანტებია. როგორც ბადრი ნანეტაშვილი ამბობს, მიცირეოდენი შემოსავალი რეკლამიდანაც შესდით.
პრესა
გორში სულ სამი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი გამოდის. "ქართლის ხმა" და "ხალხის გაზეთი" დამოუკიდებელი გამოცემებია. გაზეთ "გორის მოამბეს", რომელიც 2010 წლის აგვისტომდე "ლომჭაბუკის" სახელწოდებით გამოდიოდა, გორის გამგეობა გამოსცემს.
გაზეთი "ქართლის ხმა" 2006 წლის მაისში დაარსდა და მისი რედაქტორი ჟურნალისტი საბა წიწიკაშვილია. გაზეთის სტაბილური ტირაჟი 500 ეგზემპლარს არ აღემატება, ვრცელდება ქალაქ გორში და თვეში სულ სამი ნომერი გამოდის. გაზეთის ღირებულება 40 თეთრია და ის თბილისის სტამბაში იბეჭდება. რედაქციაში სულ ხუთი ჟურნალისტი მუშაობს.
მთავარი რედაქტორის, საბა წიკწიკაშვილის თქმით, გაზეთი თავიდან მიზერული თანხით გამოდიოდა, მის გავრცელებაში კი ჟურნალისტების შვილები ღებულობდნენ მონაწილეობას.
"გაზეთის გამოცემა რთულ დროს დავიწყეთ. ჩვენთან თანამშრომლობის მსურველებს პრობლემებს უქმნიდნენ. ამის მიუხედევად, ყოველთვის იყო ხალხი, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს გაზეთი უნდა გამოსულიყო"-ამბობს საბა წიკწიკაშვილი. მისივე განცხადებით, რედაქციას კონკრეტულად გაზეთისთვის არანაირი გრანტი არ მიუღია. კოალიციურ პროექტებში კი "ქართლის ხმას" ბევრჯერ მიუიღია მონაწილეობა, მაგალითად, რეგიონული მედიის ასოციაციის პროექტებში და ა.შ.
გაზეთი ძირითადად სტელაჟებზე იყიდება, მას დისტრიბუტორიც ავრცელებს, ოღონდ სხვა გაზეთებთან ერთად და ისიც მხოლოდ გორში. თუმცა გაზეთი გორის რაიონის სოფლებში ხანდახან მაინც ვრცელდება, გამოცემის გარკვეულ რაოდენობას სოფელში მიმავალი რომელიმე ჟურნალისტი ან სხვა ვინმე გაიყოლებს ხოლმე.
რედაქცია შეეცადა გორის სკოლებთან თანამშრომლობა აეწყო, რათა გაზეთის ფურცლებზე სასკოლო ცხოვრება თავად სკოლებს გაეშუქებინათ, მაგრამ ამ შეთავაზებაზე სასწავლო დაწესებულებებმა უარი განაცხადეს. ამასთანავე, გამოცემა მხოლოდ ორ სკოლას აქვს გამოწერილი, ისიც პირადი თანხებით და არა სკოლის ბიუჯეტით.
საბა წიწიკაშვილის თქმით, რედაქციის მთავარ პრობლემად დღემდე რჩება საჯარო ინფორმაციის მიღება ადგილობრივი ხელისუფლებიდან.
"რამდენიმე დღეა გუბერნატორის აპარატიდან პრესრელიზების გამოგზავნაც კი შემიწყვიტეს, არადა ცოტა ხნის წინ შეუფერხებლად მომდიოდა", -ამბობს "ქართლის ხმის" რედაქტორი.
"ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის ფგამო გაზეთებში მთავარ გვერდზე დავბეჭდეთ მხოლოდ ერთი წინადადება "მოგვეცით საჯარო ინფორმაცია!". ამან შედეგი გამოიღო. ორშაბათს გამოვიდა გაზეთი, სამშაბათს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ შემეძლო ჩემს მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია გამეტანა. გამოტანილი დოკუმენტები კი სრულად დავბეჭდეთ გაზეთში", - დასძენს წიწიკაშვილი.
"ხალხის გაზეთი" 2003 წლიდან კვირაში ერთხელ გამოდის", მისი რედაქტორია რეზო ოქრუაშვილი. ათამდე ჟურნალისტი საგაზეთო მასალებს გორიდან და მიმდებარე სოფლებიდან აწვდის რედაქციას. გაზეთის ტირაჟი კვირაში 1200 ეგზემპლარს აღწევს, 30 ცალი საცალო გაყიდვაში გააქვთ, 1000 ცალი კი ხელმომწერებს ურიგდება. გაზეთს ხელმომწერები გორის რაიონის სოფლებშიც ჰყავს. "ხალხის გაზეთი" კასპის რაიონშიც ვრცელდება. საგულისხმოა, რომ ტირაჟიდან მორჩენილი ეგზემპლარები უფასოდ ურიგდება დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
"ხალხის გაზეთმა" 2009 წელს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოსგან" მიიღო გრანტი, რომელიც ითვალისწინებდა სადისტრიბუციო ქსელის აწყობას და გაზეთის ცნობადობის გაზრდას. პროექტის განხორციელებას შედეგი მოჰყვა, გაიზარდა გაზეთის ტირაჟი და ხელმომწერთა რაოდენობა.
რეზო ოქრუაშვილი ამბობს, რომ შსს-ს ადგილობრივი სამმსახურები რედაქციისთვის უკიდურესად დახურული სტრუქტურაა, იქიდან ყველაზე "უვნებელი"ინფორმაციის მიღებაც კი თითქმის შეუძლებელია.
"მაგალითად, განზრახული გვქონდა გაზეთში პოლიციელი ქალის ერთი სამუშაო დღე გაგვეშუქებინა, მრავალი მცდელობის მიუხედავად, შსს-გან ვერ შევძელით ვერანაირი ინფორმაციის მიღება", ამბობს გაზეთის რედაქტორი.
რეზო ოქრუაშვილის თქმით, ოფისში საკმარისი რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკა აქვთ. რამდენიმე თვის წინ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA) გაზეთის რედაქციას საჩუქრად სამი კომპიტერი გადასცა. გაზეთის შემოსავლის მთავარი წყარო გაყიდვიდან მიღებული თანხა და დონორი ორგანიზაციებისგან მოპოვებული გრანტებია. შემოსავლებში მცირეა რეკლამის წილი.
"რეკლამას ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციები გვიკვეთავენ. ადგილობრივი მცირე ბიზნესი, როგორიცაა რესტორნები, სალონები და ა.შ. რეკლამის განთავსებისგან თავს იკავებენ, რადგან ეშინიათ, რეკლამის გამოქვეყნებით საგადასახადო სამსახურების ზედმეტი ყურადღება არ მიიპყრონ", -ამბობს რეზო ოქრუაშვილი.
გორის გამგეობა გამოსცემს ყოველკვირეულ გაზეთს, რომელსაც 2010 წლის 28 ივლისამდე "ლომჭაბუკი" ერქვა. 28 ივლისს კი გორის საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაზეთს სახელი შეეცვალა, გადაკეთდა არასამეწარმეო იურიდიულ პირად და "გორის მოამბე" დაერქვა. გორის ხელისუფლება "ლომჭაბუკს" უკვე წლებია გამოსცემს, მას სახელი ბევრჯერ შეეცვაალა, თუმცა ის ყოველთვის საკრებულოს საქმიანობას აშუქებდა და მისადმი დაქვემდებარებული გამოცემა იყო. "გორის მოამბე" ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 40 ათასამდე ლარით ფინასდება, ის ოთხგვერდიანია და 30 თეთრი ღირს. გაზეთი ძირითადად საბიუჯეტო ორგანიზაციებში ვრცლდება, გაყიდვაში კი, როგორც ერთმა მეგაზეთემ გვითხრა, "ათასში ერთხელ" გამოდის.
საინფორმაციო ომის წინა ხაზზე
გორის რაიონის სოფელი კარალეთი ცხინვალიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. აქ სახლების უმრავლესობა აგვისტოს ომს უვნებლად გადაურჩა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ სოფელში ახალი გაზეთები არავის ჩააქვს, არ არის ინტერნეტიც, ამიტომ ტელევიზია ინფორმაციის ერთადერთი წყაროა. ტელეეთერი, ქართული "იმედისა" თუ "რუსთავი 2"-ის გადაცემებთან ერთად, რუსული პროპაგანდისტული არხებისა და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიის პროგრამებს გთავაზობთ. თუმცა კონფლიქტის ზონის სოფლებში ტელეკომპანია "თრიალეთისა" და "მაესტროს" გადაცემებიც ვრცელდება, რაც ინფორმაციის ერთგვარი ალტერნატიული წყაროა.





უკვე რამდენიმე თვის
დიდი მადლობა, რუსკა. რაკიღა
:DDDDDDDDDDDDDDDD
Post new comment