გაზეთ „ალიას" 4-5 მარტის ნომერში გამოქვეყნდა მუსიკალური კონკურსის, „ჯეოსტარი 2009"-ის მონაწილის, ლუკა მელაშვილის ინტერვიუ. „ალიასთან" საუბარში მელაშვილი საუბრობს იმ პრეტენზიებზე, რაც მას ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიმართ გააჩნია.
„ჯეოსტარის" შესარჩევი ტურის დასრულების შემდეგ, 2009 წლის 29 სექტემბერს, „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა სასაცილო ვიდეოების ნაკრები. ვიდეოებს შორის მოხვდა ლუკა მელაშვილის მუსიკალური ნომრის მცირე ნაწყვეტი, რომლის შემდეგ ისმის გადაცემის წამყვანის ხმა: „ეძლევა ლიცენზია, იმღეროს დაბურულ და უღრან ტყეში".
„აშკარად არაობიექტური მიზეზების გამო მოვხვდი სარკაზმულ თუ, როგორც მარინა ბერიძე (ჟიურის წევრი) ამბობს, სასაცილო ნომრებში. მე ვერ მოვუძებნე ამას ახსნა, შოკში ვიყავი, ისეთი შეფასების შემდეგ „პრიკოლებში" რატომ უნდა მოვხვედრილიყავი? მართლა დამამცირებელია."-ამბობს ალიასთან ინტერვიუში ლუკა მელაშვილი. მისი თქმით, მას ჟიურისგან უარყოფითი შეფასება არ მიუღია, პირიქით, ჟიურიმ კონკურსანტს განვითარება კლასიკური ვოკალის კუთხით ურჩია. გარდა ამისა, ის 2008 წლის შესარჩევ კონკურსში, მეორე ტურშიც კი გადავიდა.
„მაშინ სტიმული მომეცა, ახლა კი დამამცირეს. პირველად ვიგრძენი რა არის, როცა ქუჩაში გასვლის გრცხვენია, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გასვლასაც ვერიდებოდი. მე ვაპირებდი მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარებას კლასიკური ვოკალის განხრით, მაგრამ ახლა გამოდის, იქ თეთრი ყვავივით უნდა ვიყო. თითს გამოიშვერენ, ეს ის არ არის, „ჯეოსტარის" „პრიკოლების" გმირიო? ამის გამო ხელი ჩავიქნიე, დღეს არაფრის სურვილი აღარ მაქვს", - ამბობს „ჯეოსტარის" კონკურსანტი.
ლუკა მელაშვილმა თავდაპირველად „რუსთავი 2"-ს მიმართა და საკუთარი ნამღერის ეთერში სრულად გაშვება სთხოვა. ამით მაყურებელი დაინახავდა, დასაცინი იყო თუ არა მისი ნამღერი. კონკურსანტამა გაიარა კონსულტაციები იურისტებთან, რის შემდეგაც გადაწყვიტა „რუსთავი 2"-თვის სასამართლოსი ეჩივლა და შეურაცხყოფისათვის ბოდიშის მოხდა მოეთხოვა. როგორც კონკურსანტი ამბობს, მან ამ საქმის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა და სასამართლოში სარჩელი ჯერ არ შეუტანია. თუმცა, არც „რუსთავი 2"-ისგან ყოფილა შემხვედრი, დამთმობი ნაბიჯი. რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მომღერალს დაჰპირდა, რომ სხვადასხვა ვებგვერდებზე მის ნამღერის სრულ ჩანაწერს დადებდნენ, მაგრამ დაპირება არ შესრულებულა.
ლუკა მელაშვილი ამჟამად ტელეკომპანიისგან პირდაპირ ეთერს ითხოვს, რათა მაყურებელი დაარწმუნოს, რომ ის უსაფუძვლოდ დაამცირეს. იმ შემთხვევაში თუ „რუსთავი 2" მის მოთხოვნას კვლავ უყურადღებოდ დატოვებს, ის სასამართლოში იჩივლებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ალიას" ჟურნალისტმა ნანა არჩვაძემ სცადა მეორე მხარის კომენტარის მოპოვება, თუმცა, შედეგოდ. ჟურნალისტის თქმით, „რუსთავი 2"-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა მას ტელეფონი გაუთიშა.
Comments
Анонимный, 4 March, 2010 - 14:56:15
Анонимный, 5 March, 2010 - 14:27:30
Post new comment