view counter

Poll

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

10 February, 2010 - 17:22

მედია საპორტო ქალაქში

გაზეთების ჯიხური ფოთში

როგორც კი ჩემი წასვლა გადაწყდა თბილისიდან ფოთში, დაუყონებლივ დავიწყე ამ ქალაქზე ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში. სადაც კი ქალაქის ოფიციალურ დასახელებას წავაწყდი, ყველგან წერია „თვითმმართველი ქალაქი ფოთი".

თვითმმართველი ქალაქი ფოთი

აჰა, დილის ექვსი საათია, მე უკვე ფოთის რკინიგზის სადგურში ვარ. ქალაქი, სადაც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მთავარი პორტია განთავსებული, ცოტა ხნის წინ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოცხადდა.
რკინიგზის სადგურს ერთი-ორი პატარა ნათურა ანათებს. ტალახიანი ბილიკით ტაქსამდე მივაღწიე. დაუყონებლივ მივიღე რამდენიმე სასარგებლო ინფორმაცია ტაქსის მძღოლისგან: „სანამ სასტუმროში მიხვალ, მაღაზიაში აუცილებლად იყიდე წყალი, ონკანის წყალი დასალევად არ ვარგა". მოგვიანებით იგივე მირჩია ადგილობრივი ტელეარხის ხელმძრვანელმა. აღმოჩნდა, რომ წყალი სამ დღეში ერთხელ სულ ორი საათით მოდის და ისიც უხარისხო. წყლის სისტემის შესაკეთებლად გამოყოფილი 27 მილიონი ლარი კი, ადგილობრივების თქმით, „წყალმა წაიღო".  ფოთში ბუნებრივი აირის მილები საერთოდ არ არის გაყვანილი. „ბოლო ერთი წელია ადგილობრივი ბიუჯეტი დანაკლისით სრულდება. ფოთის ხელმძღვანელობა დახმარებას გამუდმებით ცენტრისგან ითხოვს",-კიდევ ერთი ინფორმაცია ქალაქ ფოთზე ადგილობრივი ჟურნალისტისგან. სასტუმრომდე დანგრეული გზით მივაღწიეთ. გათენებისთანავე გაცამტვერდა ჩემი ილუზიები ზღვისპირა, პალმებიან, განვითარებულ, ინდუსტრიულ ზონად გამოცხადებულ ქალაქზე.

ტელეკომპანია vs რადიო

ფოთში მხოლოდ ერთი ადგილობრივი ტელეკომპანია  არსებობს. „მეცხრე ტალღა"  ფოთსა და მიმდებარე რაიონებში 2000 წლიდან მაუწყებლობს. მისი სიგნალი აფხაზეთის ქალაქებამდეც კი თავისუფლად აღწევს. მაუწყებლობა დილის 8 საათზე იწყება და შუაღამით  სრულდება. ეთერში დღეში ერთხელ გადის 20 წუთიანი საინფორმაციო გამოშვება „კურსორი", ასევე მუსიკალური სმს შოუ და მხატვრული ფილმები რუსულ ენაზე. გარდა ამისა, კვირაში ერთხელ გადის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებული გადაცემები. მათ შორის, ახალგაზრდული ტოქ-შოუ, საბავშვო გადაცემა და ასევე სპორტული ტოქ-შოუ.  წლების წინ, არჩევნების დროს, ეთერში მუდმივად გადიოდა პოლიტიკური დებატები, რომლის აღდგენას ტელეკომპანიაში  მიმდინარე  წელს აპირებენ.

„ფინანსურად ძალიან გვიჭირს. საერთაშორისო გადამზიდავებს, პორტსა და ტერმინალებს ადგილობრივი ტელევიზიით  რეკლამის გაშვება არ სჭირდებათ. ამასთანავე,  ფინანსური კრიზისის გამო  შემოსავლები ყველას დააკლდა, მათ შორის,  ადგილობრივ მცირე მეწარმეებს, რომლებსაც რეკლამა მოჰქონდათ ჩვენთან. დიდი კომპანიების  ფილიალებს კი სარეკლამო ბიუჯეტი საერთოდ არა აქვთ. მათი ცენტრალური ოფისები რეკლამის გაშვებას ნაციონალურ არხებზე ამჯობინებენ",-ამბობს გია სალია, ტელეკომპანია „მეცხრე ტალღის"  ხელმძღვანელი.

ტელეკომპანიას რამდენიმე გადამღები ჯგუფი ჰყავს, მათ შორის ერთი ქალაქ ხობში.  ბარტერული რეკლამის საფუძველზე, „მეცხრე ტალღას" ერთი ტაქსი ემსახურება, ისიც,  ქალაქის მასშტაბით.

საერთო შენობა, საერთო მფლობელი და საერთო საინფორმაციო სამსახური აქვს ტელეკომპანიასა და საინფორმაციო-მუსიკალურ რადიო „ჰარმონიას", რომელიც  ფოთში 1997 წელს დაარსდა. 2002 წელს კი ის „მეცხრე ტალღამ" შეისყიდა. საინფორმაციო გამოშვება საათში ერთეხლ გადის. დღეში, დაახლოებით, სამ საათს უთმობენ რადიო „თავისუფლების" გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებს.

ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს" დაფინანსებით გასული წლის სექტემბრიდან რადიოში გადის ყოველკვირეული  გადაცემა, ასევე რადიოჟურნალი  „მთელი კვირა". „ჰარმონია" არის რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი. რადიოს ხელმძღვანელობის თქმით, ამ ქსელის შექმნის მიზანი  საერთო სარეკლამო და საინფორმაციო სივრცის შექმნა იყო.

ინტერვიუების შემდეგ ტელე-რადიოკომპანიის ოფისის დათვალიერების ჯერი დადგა. შენობაში ცენტრალური გათბობა არ არის. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა და ჟურნალისტები შეშის ღუმელთან თბებიან. ცივა სტუდიაშიც. მეუბნებიან, რომ ამ სტუდიის ზოგიერთ ნაციონალურ ტელეკომპანიასაც შეშურდება. მისი შეძენა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შეძლეს. მიუხედავად ტექნიკის სიძველისა, ჟურნალისტები და მემონტაჟეები გადაცემების მომზადებას შეუფერხებლად ახერხებენ.

პრესა

ფოთში დღეს სულ ოთხი გაზეთი გამოდის: „მთავარი სამეგრელოში", „ნიკოლაძის გზით", "თავისუფალი სიტყვა" და „ტაიმაუტი". როგორც ჟურნალისტები იხსენებენ, რამდენიმე წლის წინ მათი რაოდენობა 15-მდე იყო.  დახურულ გაზეთებს შორის არის გაზეთი „რეზიუმე". მისი გამოცემა 2009 წლის გაზაფხულზე შეწყდა. ეს გაზეთი ფოთში 2003 წლიდან გამოდიოდა, 2005 წლიდან კი მისი რედაქტორი ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა იყო.  ის გაზეთის დახურვის მთავარ მიზეზად აგვისტოს ომსა და ფინანსურ კრიზისს ასახელებს.

ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს გაზეთის „მთავარი სამეგრელოში" რედაქტორი ინგა გვასალია. მის რედაქციაში სულ 5 ჟურნალისტი მუშაობს, აქედან 4 სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქში არის გადანაწილებული. „ფოთში ჟურნალისტიც მე ვარ და რედაქტორიც. აქ მხოლოდ მე ვმუშაობ", -ამბობს გვასალია.  ფინანსური პრობლემების გამო ხშირად, ჟურნალისტები მიმდებარე ქალაქებში ახალი ამბების გასაშუქებლად ვერ ჩადიან. გაზეთი უკვე 12 წელია გამოდის. ყველაზე კარგ პერიოდად ინგა გვასალია იმ წლებს მიიჩნევს, როცა „მთავარი სამეგრელოში" ბადრი პატარკაციშვილის მედიაჰოლდინგის შემადგენლობაში შედიოდა. ჰოლდინგის დაშლის შემდეგ რედაქციას ძალიან გაუჭირდა. ზოგჯერ, პერიოდულობაც კი ირღვევა. გაზეთის ტირაჟი 500-დან 1000-მდე მერყეობს, ვრცელდება სამეგრელოს ყველა ქალაქში, ღირებულება კი 50 თეთრია.  რეკლამის ნაკლებობას აქაც უჩივიან, მთავარ იმედად კი ხელმოწერები რჩება. ფოთში სტამბის არარსებობის გამო გაზეთები ძირითადად ქუათისის სტამბებში იბეჭდება.

ჟურნალისტები

ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა ამბობს, რომ რეგიონულ მედიაში ყველაზე დიდ პრობლემად რჩება მედიამენეჯმენტის კვალიფიკაციური ცოდნა. ამ მიზეზით ხსნის ის წლების განმავლობაში დახურული გაზეთების რაოდენობას.

„ვარდების რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ ერთი წელი საშინელ პირობებში გვიწევდა მუშაობა. სხვადასხვა საჯარო სხდომებიდან ძალით გვაგდებდნენ ჟურნალისტებს, მერიის შესასვლელში საშვებს გვთხოვდნენ, მუშაობის საშუალებას არ გვაძლევდნენ",-იხსენებს „მეცხრე ტალღის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი თეა აბსარიძე. ის ტელეკომპანიაში დაარსების დღიდან მუშაობს.

ლაშა ზარგინავას თქმით, პრობლემები ახლაც არსებობს. არის შემთხვევები, როცა საკრებულოს სხდომები ჟურნალისტებისგან მალულად ტარდება, ჩატარების თარიღს სადღაც კიბის ქვეშ დაგვიანებით აკრავენ და მერე აქეთ გვედავებიან.  ის ასევე „რთულ სამუშაო პერიოდს" უწოდებს ომისშემდგომ თვეებს, როცა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მას ხელს უშლიდნენ საკუთარი მოვალეობის შესრულებაში. იყო მუქარებიც.

„ინფორმაციის მიღება ყველაზე რთული შსს-დან არის. როცა რამის გასაგებად ადგილობრივ განყოფილებაში მივდივართ, გვეუბნებიან, სამინისტროს პრესცენტრს მიმართეთო. ძალიან გვირთულეებენ საქმეს",-ამბობს ინგა გვასალია.

მოქმედი ჟურნალისტები სხვადასხვა უფასო ტრენინგებზე ხშირად დადიან. რაც შეეხება დამწყებ ჟურნალისტებს, ზოგიერთი მათგანი უკეთესი სამსახურის გამოჩენისთანავე მალევე ტოვებს სამუშაოს. მათ შორის არიან რადიოს წამყვანებიც. ჟურნალისტის ანაზღაურება ფოთში მიზერულია.  „რამდენიმე თვის წინ გამოვაცხადე ჟურნალისტების კონკურსი, ერთი ადამიანიც კი არ მოვიდა",-იხსენებს ინგა გვასალია. ზოგჯერ, ოპერატორობისა და ჟურნალისტობის მსურველები ტელეკომპანიაში თავიანთი ნებით მიდიან.

არცერთ მედიასაშუალებას, გარდა „თავისუფალი სიტყვისა", არა აქვს ვებგვერდი. ისინი საკუთარი პროდუქციის გასავრცელებლად არც სოციალურ ქსელებს იყენებენ. როგორც ისინი ამბობენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას უახლოეს მომავალში ამ კუთხით არ აპირებენ. ვებგვერდის გაკეთება კი ყველას სურს, უსახსრობის გამო კი თავს იკავებენ.

ჯიხურებში

რედაქციების შემოვლის შემდეგ პრესის ჯიხურების მონახულება გადავწყვიტე. ქალაქში მათი პოვნა გამიჭირდა. თითქმის ყველა მათგანი ბაზართან და ავტოსადგურთანაა განთავსებული. ვიტრინაში მხოლოდ რუსულენოვანი („პოდრუგა", კროსვორდები და სხვა) და თბილისური პრესაა გამოფენილი,  მიზეზს ვკითულობ.

- ფოთის გაზეთები თითოეული კვირაში 5 ცალი შემოაქვთ, ზოგჯერ იყიდება, ზოგჯერ არა. მხოლოდ იმ შემთხვევაში იყიდება, თუ ვინმეს ახლობელზე ან ნაცნობზე წერია რამე. ისე, ხალხი იშვიათად კითხულობს", - მპასუხობს მოხუცი მეგაზეთე.

-მიზეზი ხომ არ იცით?

-ხალხი თბილისიდან ჩამოსულ გაზეთებს უფრო ეტანება, ათას რაღაცას გებულობენ. კვირის განმავლობაში  70-80 ცალი „კვირის პალიტრა" მეყიდება.

თითქმის იგივე გამიმეორა ბაზრის წინ მდგომმა გაზეთების სხვა გამყიდველმა.

გამყიდველს დავემშვიდობე, თან,  ადგილობრივი გაზეთები ვიყიდე, მეგაზეთემ  პრესა დახლს ქვემოდან გამოიღო. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე თვის წინანდელი  ნომრები მოუცია.  საღამოს  ბარგი შევკარი და ტაქსი გამოვიძახე. რადიომიმღებიდან  მეგრულ ენაზე  პოპმუსიკის ენერგიული მელოდიები ისმოდა.

Comments

liliani, 10 February, 2010 - 16:00:00

guli damcyda ki arada ragacnairad damenana rom egeti rame xdeba :S

nene, 10 February, 2010 - 19:06:54

ცოტა უტრირებული, მაგრამ რეალობასთან ახლოა. აი, ,,რადიომიმღებიდან მეგრულ ენაზე პოპმუსიკის ენერგიული მელოდიები ისმოდა."-ზე კი ვიხალისე. სტატიის ორიგინალურ დასასრულს უფრო გავს, თორემ მეგრულად ამღერეულ ,,ჰარმონიას" (მით უფრო მეგრულ პოპმუსიკას) არასოდეს წავწყდომივარ. თუმცა, რა იცი რა ხდება?!

სოლომონი, 10 February, 2010 - 19:15:22

lasha, gamagrdi!

madlen nuka, 10 February, 2010 - 21:13:24

რეალური სურათია. მომეწონა რეპორტაჟი. :)

სოლომონი, 11 February, 2010 - 09:03:29

axla, mxolod mishas ar uchirs, ra gikvirt?! darcmunebuli var, isini girseulad iqcevian, potis mediaze maqvs saubari...lashas vicnob, misi namushevrit. vici, rom arasdros danebdeba!

ketusia, 12 February, 2010 - 15:18:15

ბატონო სოლომონ, ფოთის მედიაზე ბრძანეთ, ღირსეულად იქცევიანო (ალბათ ირონია იყო?!) რეგიონული მედია რას იზამს, ალბათ მთლად ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავენ, ხო? :) ვინ არიან, რას შვრებიან, ბევრ მათგანს იცნობთ?

Анонимный, 4 March, 2010 - 18:47:28

არ აღწერს ეს წერილი ფოთშის მედიაში არსებულ მდგომარეობას. არaსწორ ფაქტებზეა აგებული მთელი წერილი, რადგან რესპოდენტები ცრუობენ. თანაც ფოთში გამოცემული ყველა გაზეთის წარმომადგენელთა კომენტარები არა არის... მაქვს შთაბეჭდილება, რომ თაზო ფოთში მეგობრებს ესტუმრა და მხოლოდ მათთვის სასურველი ინფორმაცია გააშუქა.

თამაზ კუპრეიშვილი, 5 March, 2010 - 13:22:58

ძვირფასო ანონიმო, ძალიან გამიხარდება თუ კონკრეტული ფაქტის სიყალბეზე არგუმენტირებულად მიმითითებთ, ეს მეც წამადგება და მედია.გე-ს მკითხველსაც. რაც შეეხება მეგობრებთან ვიზიტს: მე ფოთში პირველად ვიმყოფებოდი და ყველა ჟურნალისტი, ვისაც შევხვდი, პირველად ვნახე და გავიცანი. უბრალოდ, მოხდა ისე, რომ იმ კონკრეტულ დღეს დარჩენილ ორ რედაქციაში მისვლა ვერ მივახერხე, მოგროვებული მასალები კი ფოთის მედიაში არსებული ზოგადი სიტუაციის ასაღწერად საჭიროდ ჩავთვალე. სტატიაც ხომ ზოგადად ფოთის მედიაზე და არა-თითოეულ მედიასაშუალებაზე.

Анонимный, 5 March, 2010 - 19:47:15

მიკვირს, მაინცდამაინც იმ მედისაშუალებებში რომ მოხვდით, რომლებიც ხელისუფლბასთან მჭიდრო კავშირში არიან. მოგროვილი მასალები რომ არ არის საკმარისი არსებული ზოგადი სიტუაციის აღსაწერად, სწორედ ამაზე მიგითითეთ ზემოთ და მგონი, თითოეული მედიასაშუალების გაცნობის მერე უნდა დაგეწერათ ასეთი სტატია ამ სათაურით. სხვა შემთხვევაში, მედიასაშუალებების დიფერენცირება უნდა გაგეკეთებინათ და სტატიისთვის დაგერქმიათ შესაფერისი სახელი: "ხელისუფლებასათან დაახლოებული მედიის მდგომარეობა ფოთში" და სტატიაც ზუსტად ასახავდა რეალობას. კონკრეტულ სიყალბეებზე კი, ცოტა მაღლა მოგახსენეთ,მაგრამ ეტობა ცენზურაში მოყვა და არ გამოქვეყნდა. თხოვეთ ადმინ–ს, იქნებ თქვენ მაინც გაგაცნოთ. ფოთში რომ პირველად იმყოფებოდით, ამას იქ არსებული მედიის მდგომარეობის შესახებ ამგვარი დილეტანტური გაშუქებაც ადასტურებს:) იმედია, არ გამინაწყენდებით:)თქვენი შეცდომა ის კი არაა, რესპოდენტებმა რაც გითხრეს ის რომ დაწერეთ, არამედ ის, რომ მათი ნათქვამი არ გადაამოწმეთ. მაპატიეთ, ჩემი თქვენდამი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად, ეს მაინც უნდა მეთქვა

kato, 10 March, 2010 - 19:09:54

თაზო, ნუ დაღონდები! ძვირფასი ანონიმის ვინაობა ,ფოთში მოღვაწე ყველა ჟურნალისტისთვის ადვილი გამოსაცნობია. ( შეგიძლიათ ექსპერიმენტიც ჩატაროთ :)) გამოკითხოთ ისინი და მათი ვარაუდი ნახეთ თუ არ დაემთხვევა) ეს ისე, ცნობისათჳის. ქალბატონი ანონიმი პოლიტიკაში ხელმოცარული ,,პოლიტიკოსი" და ჟურნალისტიკაში ,,ჩამოპლასკარტებული" (სავარაუოდ, მისი შეფასებით! თორემ პოლიტიკაში რა მიარბენინებდა...) ადამიანია. იმედს ვიტოვებ, რომ არ დაგაბნიეთ, მაგრამ გამგები გაიგებს!!! თაზო, ,,ანონიმის“ გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ,,ხელისუფლებასათან დაახლოებული მედიის მდგომარეობა ფოთში" არასწორი, არაობიექტური შეფასებაა... ,,მეცხრე ტალღა" და რადიო ,,ჰარმონია" ხელისუფლებასთან,,მჭიდრო კავშირში“ რომ იმყოფებოდეს უხელფასოდ არ ივლიან თანამშრომლები. ის ფაქტი კი, რომ მერია ან საკრებულო, ამ მედია- საშუალებებისათვის რეკლამის დამკვეთი შეიძლება იყოს, არა მგონია დანაშაული ან უფრო მსუბუქად რომ ვთქვათ, სამარცხვინო ამბავი იყოს... ის, თუ რამდენს ხარჯავს აღნიშნული ტელევიზიის ან რადიოს დაფინანსებისთვის ხელისუფლება, გამჭვირვალე ინფორმაციაა და ნებისმიერს შეუძლია მისი მოპოვება... ასე რომ, თავის მართლებას ნუ მოჰყვები. ნურც იმაზე იფიქრებ, მართლა ცრუობენ თუ არა შენი რესპოდენტები. კიდევ კარგი, რომ მათ ბევრი იცნობს და ,,ანონიმის“ ხელწერასაც ადვილად მიხვდებიან. გთხოვ, შენი სტატიის შეფასებები მათ მივანდოთ! წარმატებებს გისურვებთ.

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.