ფონდმა "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი" დაასახელა ფსიქიკური პრობლემების ანტიდისკრიმინაციული კუთხით საუკეთესოდ გაშუქებისთვის გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები.
კონკურსი სახელწოდებით "10 საუკეთესო მედია-პროდუქტი ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე" გამოცხადებული იყო 4 ნომინაციაში: ბეჭდვით, სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ მედია-საშუალებებში გაშუქებისთვის.
ბეჭდვით მედიაში პირველ საპრიზო ადგილზე გავიდა თემურ მარშანიშვილის სტატია სახელწოდებით "საათის ისრის გადაწევის რეალური და მოსალოდნელი შედეგები". სტატია გამოქვეყნდა გაზეთში "გურია-ნიუსი" (#82).
მეორე ადგილზე გავიდა 2 სტატია: ირმა კახურაშვილის სტატია სახელწოდებით "Gov't must takle mental illness among elders" (ორიგ. "ფსიქიკური დარღვევების მქონე ხანდაზმულთა შემცირება სავსებით რეალურია") გამოქვეყნებული გაზეთში Georgia Today (#482.http://www.georgiatoday.ge/articles.php?cat=Social&version=482) და მედეა გოგსაძის სტატია "Невозлюбившие" გამოქვეყნებული ჟურნალში "Семейный доктор Подруга" (#17-20).
მესამე ადგილზე გავიდა 2 სტატია: ნათია გულიაშვილის სტატია "ფსიქიატრიული რეზერვაციები", რომელიც დაიბეჭდა ჟურნალში "ლიბერალი" (#12) და იზა შაქარაშვილის სტატია"ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები სოციალურ შეღავათებს ითხოვენ" გამოქვეყნებული გაზეთში "ახალი ალიანსი" (#25).
სატელევიზიო ნომინაციაში პირველ საპრიზო ადგილზე გავიდა გვანცა ჯიშკარიანი მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით "ფსიქიკური აშლილობები", რომელიც გადაიცა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიით.
მეორე ადგილი წილად ხვდა ქეთი კაპანაძეს საინფორმაციო პროგრამაში გაშვებული სიუჟეტისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე (ტ/კ "თრიალეთი", საინფორმაციო პროგრამა "ანარეკლი").
მესამე ადგილზე გავიდა ნინო კახიშვილის მცირემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "წითელი პალტო". გადაიცა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიით.
საუკეთესო რადიოსიუჟეტისთვის პირველი საპრიზო ადგილი ერგო ზვიად ხუჯაძეს სიუჟეტისთვის "გარიყულები". რადიო "ძველი ქალაქი", ქუთაისი.
საუკეთესო ინტერნეტ-პუბლიკაციად ჟიურიმ მიიჩნია ოლიკო ცისკარიშვილის სტატია "სტიგმა - ანუ ჩვენც ვცხოვრობთ ფანტაზიებში", გამოქვყნებული ინტერნეტ-საიტზე fact.ge (8.07.09).
ჟიურის სიმპათიის პრიზი ერგო გულო კოხოძის სტატიას "ხიშნიკა მოდის", რომელიც გამოქვეყნდა გაზეთში "სამხრეთის კარიბჭე" (http://www.regions.ge/2&newsid=331&year=2009&position=news_main&q=ხიშნიკა+მოდის).
წამახალისებელი პრიზით დაჯილდოვდნენ კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეები: 55-ე სკოლის მეთერთმეტეკლასელები: თათა გოშაძე და ელენე დანელია სტატიისთვის "სტიგმა - ერთად ვიზრუნოთ პრობლემების მოსაგვარებლად", რომელიც გამოქვეყნდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გაზეთში "გაზაფხული" (სექტემბრის ნომერი).
კონკურსის მიზანი იყო ბიძგი მიეცა მედიაკამპანიისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების ეთიკურად გასაშუქებლად, რაც ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა მიმართ არსებული სტიგმის და დისკრიმინაციის შემცირებას შეუწობს ხელს. საკონკურსოდ მიიღებოდა მთელი 2009 წლის მანძილზე ქართულ მედია-სივრცეში გაშუქებული სიუჟეტები.
გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელი და ფულადი ჯილდო: პირველი ადგილისთვის გათვალისწინებული 1100 ლარი, მეორე ადგილისთვის - 800 ლარი, მესამე ადგილისთვის - 500 ლარი; გამარჯვებული ინტერნეტ-პუბლიკაციისთვის - 600 ლარი და ჟიურის სიმპათიის პრიზი 100 ლარის ოდენობით.
გამარჯვებულებს ასევე საჩუქრად გადაეცათ მხატვარ გელა ჯინჭარაძის ნახატები ავტორის სამახსოვრო წარწერით. გელა - კონკურსში გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის გმირია.
დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა კ/თეატრ "ამირანის" მცირე დარბაზში.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ფონდი "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი", საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია "ნდობა", საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, საქართველოს ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი, ასოციაცია "ანტი სტიგმა", კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ, კავშირი "თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის" და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი.
Comments
salo, 8 February, 2010 - 18:46:50
Post new comment