24 January, 2010 - 00:34

ფასიანი საჯარო ინფორმაცია

"საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება 15 ლარი ღირს", - წერია ცვლილებაში, რომელიც პარლამენტმა 2009 წლის 3 ნოემბერს მიიღო და ძალაში 2010 წლის 1 იანვრიდან შევიდა. ეს თანხა უნდა გადაიხადოს მოქალაქემ, რომელსაც მეწარმე სუბიექტისა და დამფუძვნებლის ვინაობა აინტერესებს. მაგალითად, სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტს გივი მგელაძეს გამოძიების ჩასატარებლად 40 ფირმის დამფუძვნებლის ვინაობა სჭირდება. მას საერთო ჯამში 600 ლარის გადახდა მოუწევს. ეს თანხა  ნებისმიერი მოქალაქისა, თუ მედია ორგანიზაციისთვის დიდი ფუფუნებაა. "ვინც რაღაცას აკეთებს ჟურნალისტიკაში და ცდილობს, უფრო ღრმად ჩაიხედოს, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში, მათ მუშაობა ძალიან გაუჭირდებათ", - ამბობს სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი.

საწარმოს დამფუძვნებლისა და მფლობელის შესახებ ინფორმაცია 2008 წლის მაისში არასაჯარო გახდა. კანონში შეტანილი ცვლილებით,  მიმდინარე წლიდან ინფორმაცია მფლობელისა და დამფუძვნებლის შესახებ ისევ საჯაროა. ამ ცვლილებების მიხედვით, ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო, მისი მიღების პროცედურაც - უფრო მარტივი. "ნებისმიერ მსურველს დაუბრკოლებლად შეუძლია ისარგებლოს ჩვენი სააგენტოს მომსახურებით და ვებგვერდზე არსებული მონაცემებითაც", _ ამბობდა რეესტრის ხელმძღვანელი სოსო წიქარიშვილი. თუმცა არავის უთქვამს, რომ ახალ კანონში გაჩნდა ერთი დაბრკოლება _ ინფორმაციის მისაღებად დაწესებული 15-ლარიანი მოსაკრებელი. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის, გარდა ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხისა. კანონის ეს პუნქტი სხვა დაწესებულებებში დაცულია და საჯარო ინფორმაციის ასლის, ერთი ფურცლის, გაცემა ყველგან 5 თეთრი ღირს. საჯარო რეესტრში კი ღირებულება ადრე 50 თეთრს შეადგენდა. "თუ დაჩქარება მინდოდა, მე მაგალითად, 6 ლარი და 50 თეთრიც გადამიხდია საჯარო რეესტრის ამონაწერში. ამ თანხას ვაპროტესტებდი, რადგან ამ მხრივ განსხვავება სხვა დაწესებულებებსა და საჯარო რეესტრს შორის ძალიან დიდია. პროტესტზე ყოველთვის მპასუხობდნენ, რომ მათ  თავისი კანონი აქვთ" , _ ამბობს გივი მგელაძე. იმას, რომ საჯარო რეესტრი საკუთარი კანონით მოქმედებს, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის უფროსი კობა ბახტურიძეც ადასტურებს. ის ამბობს, რომ "საჯარო რეესტრის შესახებ" და "მეწარმეთა შესახებ" კანონები არ შეესაბამება ზოგად ადმინისტრაციული კოდექსს. შეუსაბამოა ისიც, რომ ერთ საჯარო დაწესებულებაში სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომელიც მაქსიმუმ 3 ფურცელი შეიძლება იყოს, 15 ლარი ღირს და სხვა საჯარო სამსახურებში საჯარო ინფორმაციის ერთი ფურცლის ფასი 5 თეთრია. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ გურჩიანი განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია _ "სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ მომსახურებაზე გადასახადი დააწესონ. ასეთი ტიპის ორგანიზაციებში არსებობს ცდუნება, რომ მომსახურებას არაადეკვატური ფასი დაადონ. ასე სახელმწიფო უკვე ფულს შოულობს იმ ინფორმაციის გაყიდვით, რომელიც მათ კანონმდებლობით ევალებათ, რომ გასცენ". კობა ბახტურიძე ვერ განმარტავს, თუ რატომ დაწესდა სამეწარმეო რეესტრის ამონაწერზე 15 ლარი და არა 20 ან 10 ლარი. ბახტურიძე ამბობს, რომ ეს თანხა პარლამენტის ინიცირებულია და კითხვაზე, თუ როგორ ნაწილდება ინფორმაციაში გადახდილი ფული, პასუხი კანონის ინიციატორებმა უნდა გასცენ. სამწუხაროდ, "ლიბერალის" მცდელობის მიუხედავად, კანონის ინიციატორებთან დაკავშირება მასალაზე მუშაობის პერიოდში ვერ მოხერხდა. თამარ გურჩიანის განცხადებით, ნებისმიერი სახის მოსაკრებელი ართულებს ინფორმაციის მიღებას და აფერხებს გამჭვირვალობის პროცესს. გურჩიანს საერთაშორისო ორგანიზაცია Article 19-ის მიერ შემუშავებული ინფორმაციის თავისუფლების და გამჭვირვალობის 10 სტანდარტი მოჰყავს, რომელთაგან, ერთ-ერთის მიხედვით, სახელმწიფოს მიერ საჯარო ინფორმაციაზე მოსაკრებლის დადგენა გამჭვირვალობისთვის ხელოვნურ ბარიერს ქმნის. "როცა ინფორმაციას ასე ბლოკავ, ეს ნიშნავს, რომ ხელს უწყობ კორუფციას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ხვალ პარლამენტარის მეგობარი დამფუძნებელი რომ გახდეს და ტენდერები მოიგოს, ჟურნალისტებს არ ექნებათ საშუალება, გადაამოწმონ, რომ ტენდერს პარლამენტარის მეგობარი იგებს", - ამბობს ნინო ზურიაშვილი.

getanxmebit, amxela

getanxmebit, amxela mosakrebeli sajaro informaciaze daushvebelia, da damfuzneblebis dafarva xom saertod katastrofa iyo....

samcuxaro faktia.msgavs kanon

samcuxaro faktia.msgavs kanon proekts albat imat dauchires mxari, visac bevri akvs dasamali.

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.