view counter

Poll

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

9 January, 2010 - 06:22

ჯავახეთში მედიასაც უჭირს

როცა მოხუც კანიონებსა და შემოძარცვულ ხეებს,  მთის სტეპები და მიწიდან ამოზრდილი ლოდები ენაცვლება,  ხვდები, რომ უკვე ჯავახეთში ხარ.

რეგიონის მოსახლეობის 75% ეთნიკური სომეხია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას  ქართული ენა არ ესმის.

ახალქალაქის ასფალტაყრილ ქუჩას ძველი შენობებისაკენ მივყავართ, მათგან ერთ-ერთში, ილია ჭავჭავაძის  სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტში,  სომხურენოვანი ტელეკომპანია "ატვ 12" ია განთავსებული.

როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ვარდან კტოიანისაგან ვიგებ, მათ აპარატურა რამდენიმე წლის წინ ფონდ "ინტერნიუსის" გრანტით შეიძინეს. აქ 2 ჟურნალისტი და 2 ოპერატორია დასაქმებული.

"ატვ 12" მაყურებელს 3 პროგრამას სთავაზობს: ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებას, ლიტერატურულ საუბრებსა და გადაცემას რელიგიურ საკითხებზე. ამჟამად კი ჟურნალისტები დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობენ, რომელიც ადგილობრივი მეცენატის მოღვაწეობას ეხება. გარდა ამისა, ტელეკომპანია "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვებას ყოველდღიურად თარგმნის და ადგილობრივებს სომხურ ენაზე აწვდის.

ჟურნალისტებს საქმიანობა მძიმე პირობებში უწევთ. შენობა, რომლის თავზეც ბალახი ბიბინებს, იჯარითაა აღებული. ახალქალაქში, სადაც ინტერნეტით თითქმის ყველა ოჯახი სარგებლობს, ტელევიზიას ეს ფუფუნება არ აქვს, რადგან უსახსრობის გამო ყოველთვიურ გადასახადს ვერ იხდის. მაგრამ მთავარ პრობლემად მაინც ინფორმაციის ნაკლებობა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა რჩება. "გამგებელი  და მისი აპარატის წევრები უარს ამბობენ ინტერვიუს მოცემაზე, ჩვენ არ  მიგვიწვდება ხელი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე" - აცხადებს ჟურნალისტი არმენ მინოსიანი. თუმცა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტს ის ვერ იხსენებს.

ტელევიზია თვითდაფინანსებაზეა. შემოსავლის მთავარ წყაროს მორბენალი სტრიქონი და ნეკროლოგები წარმოადგენს.

გზის პირას მდებარე მომცრო ჯიხურში კიდევ ერთი ტელეკომპანია "ჯავახკი" მაუწყებლობს. ატვ-სგან განსხვავებით, ეს ტელევიზია მაყურებელს მხოლოდ ნეკროლოგებს  და განცხადებებს აუწყებს. აქ ექვსი ადამიანია დასაქმებული. "ჯავახკის" მფლობელი კონკურენტ ტელეარხს აკრიტიკებს და ობიექტურობას უწუნებს. მისი თქმით, მაყურებლისათვის პროგრამების შეთავაზებას  უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ. სპონსორი კი  არ ჩანს.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას სატელიტური ანტენების მეშვეობით ხელი მიუწვდება ქართულ ტელეარხებზე, ისინი მაინც ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ.  მოსახლეობა სომხურენოვანია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო ენას ვერ ფლობს, ამიტომ ტელემაყურებელი  ინფორმაციას რუსული და სომხური საინფორმაციო საშუალებებით იღებს", - აცხადებს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი მაია იველაშვილი.

არანაკლებ რთული მდგომარეობაა პრესის გავრცელების მხრივ. "გაზეთებს აქ ვინ კითხულობს? ეს ჯავახეთია ცავატანემ",- დამტვრეული რუსულით მეუბნება მოხუცი მამაკაცი. მართლაც, დღის ოთხ საათზე, ქალაქში გასულმა, გულმოდგინედ ძებნის მიუხედავად, პრესის ვერც ერთი სტენდი ვერ აღმოვაჩინე.

ნინოწმინდაში არსებული ერთადერთი  ტელეკომპანია "ფარვანა" კონსტანტინ ვართანიანმა 1999 წელს დაარსა. ტელევიზიას დღეს გამართული აპარატურა, სტუდია და მრავალფეროვანი პროგრამა აქვს. შტატში  21 თანამშრომელია.

საინფორმაციო გამოშვება ყოველდღიურია და ერთ საათს გრძელდება. მაუწყებლობა სომხურ ენაზეა, ხოლო დაფარვის ზონა ნინოწმინდასა და ახალქალაქს მოიცავს. ტელევიზია თავს გრანტებითა და რეკლამით ირჩენს. კონსტანტინ ვართანიანის თქმით,  ძირითადი დამკვეთი მობილური ოპერატორები არიან, ხოლო განცხადებებითა და  ნეკროლოგებით შემოსული თანხა შემოსავლის 20 % შეადგენს.

"ფარვანა" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოსთან" თანამშრომლობს და გრანტის ფარგლებში  12 დოკუმენტურ  ფილმს ამზადებს. "მოსახლეობის მხრიდან ინტერესი  დიდია, ხელისუფლებაც სიამოვნებით თანამშრომლობს  ჩვენთან, რადგან „ფარვანა" ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელიც ნინოწმინდაში მაუწყებლობს",-ამტკიცებს  ჟურნალისტი  რუზანა მკრტჩიანი.

ნინოწმინდის მოსახლეობის უმრავლესობას  სატელიტური ანტენა აქვს და ინფორმაციას რუსული და სომხური არხებიდან იღებს.

მიმდინარე წლის აპრილში, ნინოწმინდაში ერთადერთმა რადიო "ნორმა" შეწყვიტა მაუწყებლობა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მას სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭებაზე უარი განუცხადა. სათემო რადიო   „სტუდია რე" ს პროექტი  იყო და მისი სრული სახელწოდება "სათემო რადიო ნინოწმინდაში" გახლდათ. "ნორი" ყოველდღიურად ორი საათის განმავლობაში მაუწყებლობდა ქალაქის ჩენტრში დადგმული გამნაძლიერებლებით, "პროგრამაში" ძირითადად მუსიკა და 5-წთიანი ახალი ამბები შედიოდა. თუმცა კვირაში ორჯერ რადიოჟურნალი მზადდებოდა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ამბებს აშუქებდა. 'სტუდია-რე"-ს ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე უკმაყოფილებას ვერ მალავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით და  რადიოსთვის ლიცენზიის არმინიჭება ხელოვნური ბარიერი ჰგონია. "ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფაქტს შევეგუოთ. გვაქვს გეგმები და ვეცდებით დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", აცხადებს ყუფარაძე.

რეგიონში გამოიცემა  გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე". იგი სომხურ და ქართულ ენაზე იბეჭდება. სომხურენოვანი გამოცემის რედაქცია ახალქალაქში მდებარეობს. მისი ტირაჟი 1000 ცალია, ღირებულება კი 50 თეთრს შეადგენს. "ვინაიდან ნინოწმინდაში პრესის გავრცელების  არც ერთი სტენდი არ არსებობს, გაზეთს ხელმომწერების საშუალებით ვავრცელებთ", ამბობს "სამხრეთის კარიბჭის" რედაქტორი ლელა ინასარიძე.

40 წლის ლალი მიქაძე-პეტროსიანი ნინოწმინდის ბაზარში წვრილმანებით ვაჭრობს. ქართულ ჟურნალ-გაზეთებს ყოველთვის გვიან ეცნობა. "ჩემი ოჯახის წევრები ძირითადად სომხურ არხებს უყურებენ, ქართული მხოლოდ მე ვიცი და გაზეთებსაც ახლობლები მიგზავნიან  ახალციხიდან", - ამბობს ლალი და  "სარკის" ორი კვირის წინანდელ ნომერს მაჩვენებს.  თუმცა ნინოწმინდაში მსგავსი პრობლემა დღეს ცოტას აწუხებს. მოსახლეობის მთავარი საზრუნავი სოციალურ სიდუხჭირესთან  და მკაცრ კლიმატთან გამკლავებაა.

Comments

დავითი, 13 January, 2010 - 19:58:42

მგონია რომ სტატიის ავტორი რომ ატვ ს ზედმეტად კრიტიკუ;ლად აფასებს. ფარვანაზე კი სუბიექტურად წერს ..

Анонимный, 1 February, 2010 - 14:10:21

avtoris subieqturoba statiashi namdvilad ar chans, mit umetes, parvanaze msjelobisas igi iyenebs cyaroebs da sakutar mosazrebas saertod ar apiqsirebs. tviton problema tavistavad aqtualuria da dzalian kargia, rom am sakitxs yuradgeba mieqca.

ბექა, 2 February, 2010 - 21:42:09

სტატია საკმაოდ კარგად ასახავს ჯავახეთში მიმდინარე პროცესებს. რა თქმა უნდა, ამ დასკვნის გასაკეთებლად, იქაური სიტუაცია ჩემი თვალით უნდა მქონდეს ნანახი, მაგრამ აღწერის მიხედვით, ჩანს, რომ ჟურნალისტს ინფორმაციის მოსაპოვებლად უმუშავია და არცთუ ურიგოდ. მომეწონა წერის სტილიც, მსუბუქია და ადვილად იკითხება. კარგია, რომ მედიის წარმომადგენლების გარდა თხრობაში ადგილობრივებიც შემოდიან. ისედაც, თვითონ თემაა საინტერესო, ვინაიდან ჯავახურ მედიაზე ნაკლები ინფორმაციაა და მასზე არც ისე ხშირად იწერება. მოკლედ, თემის ავტორი არ მეცნობა, ალბათ, ახალია, მაგრამ კარგად წერს და ასე გააგრძელოს...

lado menabde, 3 February, 2010 - 17:24:58

rarac dasasruli ar momewona da ukmarisobis grZnoba dameufla, როცა მოხუც კანიონებსა და შემოძარცვულ ხეებს, მთის სტეპები და მიწიდან ამოზრდილი ლოდები ენაცვლება, ხვდები, რომ უკვე ჯავახეთში ხარ. - es winadadeba ki mxecia...ise xerTvisis cixesa da lela inasariZis redaqcias gulgrilad rogor cauara avtorma mikvirs... es ori simbolo javaxeTisa...

მართა, 3 March, 2010 - 15:17:14

როცა საუბარია, რომ ჯავახეთის მოსახლეობის 75 პროცენტს ქართული ენა არ ესმის და ამავე დროს ამ რეგიონში გამოდის ორენოვანი( ქართულ -სომხური ) გაზეთი ,,სამხრეთის კარიბჭე” და ჟურნალისტი ამ ინფორმაციას სამ წინადადებაში აყალიბებ ( ლაკონურობა კარგია, მაგრამ არა ამ შემთხვევაში) და არ ინტერსდები ამ გაზეთის პრობლემებით, გამოცემით როგორ ფიქრობ ლევან ნორმალურია? არ მიყვარს ამ ბალანსზე საუბარი, მაგრამ ჯანდაბა! ვერ გავექეცი, და ამ ჩანაწერში სადაა ბალანსი დაცული მედია საშუალებებზე საუბრისას? პირველი წინადადება მართლაც კარგია, რეპორტაჟივით იწყება და შენ შეგყავარ მართლაც ჯავახეთში, მაგრამ მერე დავიკარგე:( აღაც დამეხმარე და ხელიდან გაცურებული კომპასივით გაქრი. ვაი, რომ სტენდის არარსებობა არ არის სამცხე-ჯავახეთის ბეჭვდითი მედიის მთავარი პრობლემა:( ზეწოლის ფაქტები არ არსებობსო - წავიკითხე ზემოთ და დაინტერსდი ვინ არიან ამ ტელეკომპანიის მფლობელები? ალბათ არა, თორემ მაგ კითხვის დასმის სურვილიც აღარ გექნებოდა:) ",,გაზეთებს აქ ვინ კითხულობს? ეს ჯავახეთია ცავატანემ",- დამტვრეული რუსულით მეუბნება მოხუცი მამაკაცი.” - ეს კი ნამდვილად შთაბეჭდილების გაზრდის მიზნით გაქვს შემოტანილი. ,,ცავატანემ” - ხომ რაღაც მაგიურად ჟღერს და ამით ვითომ მიმძაფრებ გრძნობას, რომ ჯავახეთში ხარ . კარგი რა ლევან! რა ვქნა მეტს ველოდი და

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.