უმცირესობები ქართულ პრესაში - „ინტერნიუსი-საქართველოს“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის კვარტალური ანგარიში
"ინტერნიუსი-საქართველო“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის პროექტის „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის“ ფარგლებში ქართულ პრესაში ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების გაშუქების და მათი მისამართით გამოყენებული სიძულვილის ენის მონიტორინგს ახორციელებს. 25 ოქტომბერს „ინტერნიუსი-საქართველომ“ მონიტორინგის პირველი კვარტალური ანგარიში გამოაქვეყნა. მასში 2011 წლის მაის-ივლისში განხორციელებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებია წარმოადგენილი.
კვლევისთვის 8 ეროვნული და 3 რეგიონალური გამოცემა შეირჩა: "რეზონანსი", "ალია" და "კვირის ქრონიკა", "ახალი თაობა", "ვერსია", "კვირის პალიტრა", "ასავალ-დასავალი", "24 საათი" და "Weekend", "პრაიმ-ტაიმი", "ბათუმელები" (ბათუმი), "სამხრეთის კარიბჭე" (ახალციხე) და "ახალი გაზეთი" (ქუთაისი).
მონიტორინგის პერიოდში ეთნიკურ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს ყველაზე დიდი საგაზეთო ფართობები "ასავალ-დასავალმა", "რეზონანსმა“ და "ახალმა თაობამ" დაუთმეს.
ანგარიშის თანახმად, გამოცემები "ასავალ-დასავალი"," ვერსია" და "ალია ჰოლდინგი" (გაზეთები "ალია" და "კვირის ქრონიკა") ხშირ შემთხვევაში არღვევენ ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, ავრცელებენ რა, ქსენოფობიურ და ჰომოფობიური განცხადებებს.
ამასთან, გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომ რამდენიმე გაზეთის გამოკლებით, არსებობს რამდენიმე მედია გამოცემა, რომელიც უმცირესობების თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას დაბალანსებულ და ეთიკის სტანდარტებთან შესაბამის მედია მასალებს აწვდის. მაგალითად, "24 საათი", "რეზონანსი", "ბათუმელები", "ახალი თაობა", "კვირის პალიტრა", "პრაიმ-ტაიმი" და "სამხრეთის კარიბჭე", მიუხედავად იმისა, რომ უმცირესობების თემას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, ამ თემატიკას დაბალანსებულად აშუქებენ - არ ავრცელებენ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს და გამონათქვამებს.ამავე დროს, ანგარიშის თანახმად, მონიტორინგის პროცესში ანალიტიკური სტატიების ნაკლებობა გამოიკვეთა. ამასთან, რეგიონული პრესა უმცირესობათა თემის მიმართ ძალზე დაბალ ინტერესს ავლენს.
ქართულ პრესა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობებიდან ყველაზე დიდი ყურადღებას ეთნიკურ სომხებს უთმობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ტონი ნეგატიურია. სექსუალურ ორიენტაციასთან/გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში თვალსაჩინოა როგორც ჟურნალისტების, ასევე რესპოდენტების არაინფორმირებულობა და მათ მიერ არასწორი ტერმინოლოგიის გამოყენება. რელიგიური უმცირესობები, ეთნიკურ და სექსუალურ უმცირესობებთან შედარებით, ქართული მედიის ყურადღებას ნაკლებად იქცევენ, თუმცა იეჰოვას მოწმეების მიმართ ყველაზე ხშირად ხდება სიძულვილის ენის გამოყენება.
მონიტორინგმა ქართულ პრესაში უმცირესობების მიმართ ჰომოფობიური დამოკიდებულების არაერთი ფაქტი გამოავლინა. „ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ჯერაც მწვავედ დგას შემწყნარებლობის და განსხვავებულობის მიღების პრობლემა,“ - ნათქვამია „ინტერნიუსი-საქართველოს“ მედიის მონიტორინგის კვარტალურ ანგარიშში.
„ინტერნიუსი-საქართველო“ რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგებს ყოველკვარტალურად გამოაქვეყნებს. 2011 წლის ნოემბერში და 2012 წლის მაისში ჩატარდება ექსპერტთა შეხვედრები, სადაც კვლევის შუალედურ შედეგებს განიხილავენ.
კვარტალური მონიტორინგის შედეგები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს გვერდიდან.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება