თბილისში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
საქართველოს სახალხო დამცველმა უმასპინძლა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 24 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში.“
ღონისძიება გახსნა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა.
„ტოლერანტობა არ ისწავლება, ამას უნდა გრძნობდე“, განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში მაკგოლდრიკმა. მისი თქმით, სხვადასხვა უმცირესობების მიმართ სტიგმა განათლების მიღებით იმსხვრევა.
ღონისძიებას, რომელიც სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით გაიმართა, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, რომელიც ასევე ესწრებოდა ღონისძიებას, ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ტოლერანტობა სამოქალაქო ინტეგრაციას უწყობს ხელს.
სახალხო დამცველმა ტრადიციულად მიმოიხილა 2011 წლის განმავლობაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების რეალიზაციისა და ქსენოფობიის გამოვლენის ფაქტები.
როგორც თავის მოხსენებაში ტუღუშმა აღნიშნა, ტოლერანტობის მხრივ წლის მთავარი მოვლენა საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილები იყო, რომლითაც რელიგიურმა გაერთიანებებმა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესაძლებლობა მიიღეს.
სახალხო დამცველის თქმით 2011 წელს წელს ქსენოფობიის საფუძველზე დანაშაულმა და შეუწყნარებლობის ფაქტებმა იკლო და აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში მხოლოდ ექვსი განცხადება შევიდა.
თავის მოხსენებაში ტუღუშმა აღნიშნა, რომ 2011 წელს მედიის დიდი ნაწილი შეუწყნარებლობის ტირაჟირებას ახდენდა.
„ჩვენი შეშფოთების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მედიის დიდი ნაწილი არა მარტო სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის ტირაჟირებას ახდენდა, არამედ თავად გვევლინებოდა შეუწყნარებლობის წყაროდ. ამ პრობლემამ ყველაზე მწვავედ რელიგიური გაერთიანებებისათვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისას იჩინა თავი“, განაცხადა ტუღუშმა.
მოხსენების შემდეგ გიორგი ტუღუშმა დააჯილდოვა ჟურნალისტური კონკურსის „ტოლერანტობა და მრავალფეროვნება" გამარჯვებულები:
პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე (გაზეთი „ბათუმელები“),- სტატიისთვის - „რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი.“
მეორე ადგილის მფლობელი გახდა ლევან სუთიძე (ჟურნალი „ტაბულა“),სტატიისთვის -
„ნახევარმთვარის მოტაცება“.
მესამე ადგილი გაინაწილეს სალომე უგულავამ და ლევან სუთიძემ (ჟურნალი „ტაბულა“), სტატისთვის - „დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან.“
სახალხო დამცველმა ასევე გამოავლინა საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტის ავტორი. გამარჯვებული გახდა მე–9 არხის (ახალციხე) ჟურნალისტი რუსუდან გვარამაძე და ოპერატორი სერგეი ფიდანიანი. სიუჟეტი მუსლიმ მესხებს ეხებოდა.
გამარჯვებულებს სიგელები და იპად–ები გადაეცათ.
ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.
„ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული ერგოთ ჟურნალისტს ნინია კაკაბაძეს, თეოლოგ ბასილ კობახიძეს, გაზეთს „მრავალეროვანი საქართველო“ ფონდ „ალპეს“, კოალიციას „ევროპული საქართველოსთვის“ და ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთს“.
ღონისძიებაზე გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებ–გვერდის www.tolerantoba.ge-ს პრეზენტაციაც. ვებ–გვერდზე განთავსებულია სახალხო დამცველის ანგარიშები და რეკომენდაციები, მედია მონიტორინგის შედეგები, ასევე ინფორმაცია სხვადასხვა რელიგიასა და კალენდარულ დღესასწაულების შესახებ.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.


ახალი კომენტარის გამოქვეყნება