სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო ხელისუფლება - ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტები
სამართალდამცავი სტრუქტურები და სასამართლო ხელისუფლება ყველაზე გაუმჭვირვალე ინსტიტუტებად დასახლედა კვლევაში, რომელიც „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველომ“ 24 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
კვლევა „საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასება“ 2009-2011 წლებში მიმდინარეობდა, ავტორებმა იმ თორმეტი ძირითადი ინსტიტუტის სიძლიერე შეაფასეს, რომლებსაც საკვანძო როლი აკისრიათ ქვეყანაში კეთილსინდისიერი მმართველობის დამკვიდრებისა და კორუფციის აღკვეთის მხრივ - ესენია პარლამენტი, აღმასრულებელი შტო, სასამართლო, საჯარო სამსახური, სამართალდამცავი უწყებები, საარჩევნო ადმინისტრაცია, სახალხო დამცველის ოფისი, კონტროლის პალატა, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, მედია და ბიზნესი.
ინსტიტუტები შეაფასეს ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორიცაა დამოუკიდებლობა, გამჭვირვალეობა, ანგარიშვალდებულება და კეთილსინდისიერება. თითოეული ინდიკატორი შეაფასებულია 100-ქულიანი შკალით, 25-იანი ინტერვალებით (0, 25, 50 და ა.შ). გამოკვლეულ 12 სტრუქტურას შორის გამჭვირვალობის კომპონენტში ყველაზე დაბალი ქულა (25) სასამართლო ხელისუფლებამ მიიღო.
კვლევის თანახმად, მართალია კანონმდებლობა შეიცავს იმ ნორმებს, რომლის მიზანიც სასამართლოს გამჭვირვალობაა, მაგრამ ზოგ შემთხვევებში ინფორმაციის წვდომასთან დაკავშირებით ზედმეტ დაბრკოლებას ქმნის. აქ, უპირველესად, კანონის ის მუხლი იგულისხმება, რომელიც სასამართლო პროცესებზე აუდიო-ვიზუალურ ჩაწერას კრძალავს, რაც „ზღუდავს ჟურნალისტების შესაძლებლობას გააშუქონ სასამართლო სხდომები,“- აღნიშნულია კვლევაში.
მედიასთან ურთიერთობის გასაადვილებლად შემოიღეს სპიკერ-მოსამართლის თანამდებობა, თუმცა „საერთაშორისო გაჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ეს მექნიზმი ჯერჯერობით არაეფექტურია და ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ინფორმაცია, რომელიც შეეხება სასამართლოების მიერ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას, მოსამართლეების დანიშვნას, მართვის უფლებამოსილების შეწყვეტასა და სხვა სასამართლოში გადაყვანას, ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა, უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულია სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები და ბიუჯეტთან დაკავშირებული ინფორმაცია.
ასიდან მხოლოდ 25 ქულა მიიღო სამართალდამცავმა სისტემამ. ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოს კანონმდებლობა ინფორმაციის გამჟღავნების შესახებ კონკრეტულ დებულებებს არ შეიცავს და ამ საკითხს გადასაწყვეტად სამართალდამცავი უწყებების თანამდებობის პირებს უტოვებს. კანონის ბუნდოვანება მათ საქმიანობაზეც აისახება, საკუთარი ინიციატივით ინფორმაციას ხშირად არ აქვეყნებენ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში კი სათანადოდ არ რეაგირებენ.
გამჭვირვალობის თვალსაზრისით პრობლემებია აღმასრულებელი შტოს უმაღლეს რგოლშიც (პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი), ჯამში მათ 50 ქულა მიიღეს. კვლევაში პრეზიდენტის და მთავრობის ვებ-გვერდების არაინფორმატიულობა მიიჩნევა. „პრეზიდენტის ვებ-გევრდი მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ ზოგად ინფორმაციასა და პრეზიდენტის საქმიანობის ამსახველ პრესრელიზებს შეიცავს, რაც მთავარია, არ ქვეყნდება პრეზიდენტის განკარგულებები და სხვა გადაწყვეტილებები“, - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ სამინისტროების ვებ-გვერდები არ შეიცავს ინფორმაციას სამინისტროების საქმიანობის ზოგად სტრუქტურასა და მათი განყოფილებების ფუნქციებზე, უწყებებში არსებულ მონაცემთა ბაზებზე, სამინისტროების საქმიანობის მარეგულირებელ კანონებსა და სხვა სამართლებრივ აქტებზე, მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიერ განცხადებების წარდგენის პროცედურებზე, უწყებათა საკადრო და საფინანსო პოლიტიკაზე.
კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელი შტოს მოხელეების ქონებირივი დეკლარაციები ვებ-გვერდზე ქვეყნდება, მათი სიზუსტის გადამოწმების არანაირი მექნიზმი არ არსებობს.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ საჯარო უწყებებთან მიმართებაში ხარვეზებია საკანონმდებლო თავლსაზრისითაც. კანონით არ არის გაწერილი ინფორმაციის იმ ტიპების ნუსხა, რომელიც საჯარო დაწესებულებებმა საკუთარი ინიციატივით უნდა გამოაქვეყნონ. თუმცა არსებული ნორმებიც ხშირად ირღვევა, განსაკუთრებით ის დებულებები, რომლებიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომიბას ეხება. „სამთავრობო უწყებები საჯარო ინფორმაციას ყოველთვის კანონით დადგენილ ვადებში არ გასცემენ, ხოლო ზოგიერთი ტიპის ინფორმაციაზე, მაგალითად თანამდებობის პირთა პრემიების ოდენობაზე , საერთოდ უარს ამბობენ,“ - აღნიშნულია კვლევაში და იქვე ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა სახელმწიფო შესყიდვებისა და საჯარო სექტორში არსებული ვაკანსიების გამჭვირვალეობის კუთხით.
საჯარო უწყებების მსგავსად საშუალო- 50 ქულა- მიიღეს პოლიტიკურმა პარტიებმა, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორმა. ამ ინსტიტუტების მთავარი ხარვეზი ფინანსური გაუმჭვირვალობაა. ამ ტიპის ინფორმაცია მათ ვებ-გვერდებზე განთავსებული არ არის.
როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით ისე, მისი პრაქტიკაში გამოყენების კუთხით, ყველაზე კარგი მაჩვენებელი (75) აქვს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, საარჩევნო ადმინისტრაციას, სახალხო დამცველის ოფისსა და კონტროლის პალატას. ანგარიშის თანახმად, საზოგადოება პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას თავისუფლად იღებს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადებებზე რეაგირების კარგად ჩამოყალიბებული სისტემა აქვთ, თუმცა კანონპროექტები საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე დროულად არ ქვეყნდება. ინფორმაციულობის თვალზასრისით საკმაოდ მდიდარი ვებ-გვერდი აქვს კონტროლის პალატას, სადაც ინფორმაციები მუდმივად ახლდება.
კვლევის ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პრაქტიკული ტესტებიც ჩაატარა და 13 საჯარო დაწესებულებაში ინფომაციის მოთხოვნის მიზნით 53 განცხადება შეიტანა. მთლიანობაში ერთ უწყებაში ოთხი მოთხოვნა გააგზავნეს. ინფორმაციის მომთხოვნები სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები იყვნენ იმისათვის, რომ დადგენილიყო გაიცემა თუ არა ინფორმაცია თანაბრად და არადისკრიმინაციულად.
ჯამში საჯარო დაწესებულებებმა 79 პროცენტში დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცეს. წარდგენილ განცხადებებს სრულად უპასუხეს კონტროლის პალატამ, პარლამენტმა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და უზენაუესმა სასამართლომ. ამის საპირისპიროდ, აღმასრულებელი ხელისულფების დაწესებულებები და სამართალდამცავი სტრუქტურები ყველაზე არასრულყოფილ პასუხს სცემდნენ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება