რვაფეხა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი ანგარიში მიხედვით, საქართველოს სარეკლამო ბაზარს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ, რომლებმაც „მჭიდროდ შეკრული ქსელი“ ჩამოაყალიბეს.
„სატელევიზიო რეკლამების გაყიდვების სახლი „ჯენერალ მედია“ ნაციონალური სატელევიზიო არხებზე სარეკლამო დროზე დე–ფაქტო მონოპოლიას ფლობს; თბილისის გარე რეკლამის სეგმენტში დომინანტი პოზიცია კი აუთდორ.ჯი–ს უკავია“, წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში. ეს კვლევა IREX G-MEDIA პროგრამის ნაწილია, რომელიც USAID მიერ ფინანსდება. ანგარიშის პრეზენტაცია 13 დეკემბერს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გამართა.
ანგარიშის ავტორები მათიას ჰუთერი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე და მამუკა ანდღულაძე ქართულ სარეკლამო ბაზარს 2011 წლის ივლისიდან სექტემბრამდე იკვლევდნენ.
დოკუმენტის მიხედვით, 2010 წელს სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯული თანხის მთლიანმა ოდენობამ 61 მილიონ 800 ათასი ლარი (40 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) შეადგინა. ამ თანხის 78% ძირითადად ორ კერძო ნაციონალურ ტელეკომპანიაზე „რუსთავი 2“ სა და „იმედზე“ განაწილდა.
კვლევის თანახმად, 2010 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე ორი კომპანია დომინირებდა. ერთ-ერთია „თაჩ მედია“, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ჰოლდინგური კომპანიის „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ ნაწილი იყო და სარეკლამო დროს „იმედზე“ ჰყიდდა. მას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი არველაძე ხელმძღვანელობს. კომპანიის 90%-ის მფლობელი პანამაში რეგისტრირებული „რააკ ჯორჯია ჰოლდინგია“. მეორე დომინანტ კომპანიას გაყიდვების სახლი „მედია ჰაუსი“ წარმოადგენდა, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ფლობდა. 2011 წლის დასაწყისში „თაჩ მედია“ და „მედია ჰაუსი“ შერყწმის შედეგად „ჯენერალ მედია“ ჩამოყალიბდა
„მიუხედავად იმისა, რომ „თაჩ მედია“ და „მედია ჰაუსი“ როგორც იურიდიული პირები ისევ არსებობენ, „ჯენერალ მედია“ ამ ორი წამყვანი გაყიდვების სახლის აქტივობების დე-ფაქტო შერწყმის შედეგია“, - ნათქვამია კვლევაში.
„ჯენერალ მედია“ ამჟამად სარგებლობს ექსკლუზიური უფლებით გაყიდოს სარეკლამო დრო როგორც „იმედსა“ და „რუსთავი 2“-ზე, ასევე ტელეკომპანიებზე „საქართველო“, „მზე“ „რეალ ტვ“ და „პირველ სტერეო“.
„ჯენერალ მედია“ დე-ფაქტო მონოპოლისტია. ამჟამად ის ქვეყნის სარეკლამო ნაკადების დაახლოებით ორ მესამედს აკონტროლებს“, წერია ანგარიშში.
„ჯენერალ მედიას“ დირექტორი ირაკლი ბურძგლაა. ის ასევე ხელმძღვანელობს კომპანია „უნიმედიას“, რომლის მფლობელები, 50%-50%-იანი წილით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია“.
კვლევიდან ასევე ირკვევა, რომ ირაკლი ჩიქოვანი „მედია ჰაუსის“ მეწილედ მას შემდეგაც დარჩა, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. „მედია ჰაუსიდან“ ჩიქოვანმა 2009 წელს ერთი მილიონი ლარი შემოსავალი მიიღო იმ სექტორში, რომლის ზედამხედველობასაც კომისიის თავმჯდომარის რანგში, თავად ახორციელებდა“.
ირაკლი ჩიქოვანი ტელეკომპანია, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ გიორგი გეგეშიძესთან ერთად, ფლობს სამშენებლო კომპანია „ბედეგს“ და „მაგი სტილს.“ ეს უკანასკნელი ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის აშენებაში მონაწილეობს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სწორედ პარლამენტის უფლებამოსილებაა ჩიქოვანის თანამდებობიდან გათავისუფლება, ინტერესთა კონფლიქტის გამო. კომისიის თავმჯდომარე ასევე ფლობს სარეკლამო სააგენტო „მაგი სტილი მედიას“, რომელიც კლიენტებს გარე რეკლამის, სამაუწყებლო დიზაინისა და სატელევიზიო რეკლამის შექმნას და განთავსებას სთავაზობს.
ირაკლი ჩიქოვანის უწყებამ „რუსთავი 2“ სა და „იმედში“ სარეკლამო ჭრასთან დაკავშირებული ლიმიტების დარღვევა ვერ აღმოაჩინა, სანამ სტუდია „მონიტორმა“ განმეორებით საჩივრით არ მიმართა. მიმდინარე წელს კომისიის ინტერესთა კონფლიქტზე კვლევის შუალედური ანგარიში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) და „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმაც“ წარადგინა. ამ ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ნათია კაპანაძე ამბობს, რომ ამ ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის ერთადერთი ბერკეტი პარლამენტია „საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხთან დაკავშირებით სამწუხაროდ დუმს. დღეის მდგომარეობით ჩიქოვანი სარეკლამო ბაზარს კვლავ აკონტროლებს,“- თქვა კაპანაძემ media.ge-სთან საუბრისას.
ირაკლი ჩიქოვანთან და გიორგი გეგეშიძესთან ერთად სარეკლამო ბაზარს დავით კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანიც აკონტროლებს. სწორედ მისი კომპანია „აუთდორ.ჯი“ ფლობს თბილისში გარე რეკლამებისა და პრესის ჯიხურების განთავსების უფლებას.
„აუთდორ.ჯის“ 20%-ს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის გიორგი გეგეშიძის შპს „სამკუთხედი“ ფლობს, 70%-ს კი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „ედპროჯექტსი“. ამ უკანასკნელს ეკუთვნის შპს „მედია პორტის“ 36%, დარჩენილი 20% ზემოხსენებული ირაკლი ბურძგლას საკუთრებაა. 10% მაია მეტრეველის საკუთრებაა, რომელიც „ჯენერალ მედიას“ წარმომადგენელია. „ჯენერალ მედია“ მხოლოდ იმ ტელეარხებთან თანამშრომლობს, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირდებიან ან ახალ ამბებს არ აშუქებენ.
კვლევის თანაავტორის ლიკა ბასილაია-შავგულიძის თქმით, ეს ერთი შეხედვით ჩახლართული სქემა ძალიან კარგად მუშაობს.
„ჩემთვის აღმოჩენა იყო ის, რომ ამ ჭკვიანური სქემით მთლიანად მედიასივრცეში ფინანსური ნაკადები ისე ნაწილდება, რომ თანხები შემთხვევით არ მოხვდეს სრულიად დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში,“ - უთხრა media.ge-ს ლიკა ბასილაიამ და დასძინა, რომ ეს სიტუაცია უპირველესად ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, პლურალიზმსა და კონკურენტუნარიანობას აფერხებს.
ანგარიშის პრეზენტაციისას მათიას ჰუტერმა განაცხადა, რომ სარეკლამო ბაზრის ასეთი მონოპოლია მომდევნო წელსაც გაგრძელდება. „ისედაც არათანაბარი გარემო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც გაუარესდება თუ ოპოზიციურ და მმართველ პარტიებს პოლიტიკურ რეკლამასთან თანაბარი წვდომა არ ექნებათ,“ - თქვა ჰუთერმა და დასძინა, რომ ბაზრის მონოპოლიზებას ხელს უწყობს მცირე სარეკლამო ფასები. მისი თქმით, კვლევისას გაირკვა, რომ „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ სარეკლამო დრო ხელოვნურად მცირე ფასად იყიდება, ამის გამო რეკლამის დამკვეთებს ნაკლები სტიმული აქვთ, რომ რეკლამა ამ ტელეკომპანიებიდან პატარა მედია საშუალებებში გადაიტანონ. „შესაბამისად სარეკლამო შემოსავლების დიდი ნაწილი კვლავ ამ ორ ტელეკომპანიას რჩება.“
მარკეტინგული კომპანია „ტერრა მედიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა გივი ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ სარეკლამო ბაზარზე სატელევიზიო რეიტინგებიც დიდ როლს თამაშობს. „როდესაც რეკლამის დამკვეთი მიდის და მას სარეკლამო კომპანიები აჩვენებენ, რომ დღის ყველა მონაკვეთზე „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ გადაცემებს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, მას სხვაგან წასვლის სურვილი არ უჩნდება. არადა, ამ რეიტინგების სანდოობა გამოსაკვლევია, რადგან მათ მიმართ ბევრი ეჭვი არსებობს“- აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
თავად კვლევაში ოპოზიციურ ტელეკომპანიებად მიჩნეული „მაესტროსა“ და „კავკასიის“ ხელმძღვანელები იხსენებენ შემთხვევებს, როცა რეკლამის დამკვეთებს მათთან დადებული კონტრაქტები, პოლიტიკური ზეწოლის გამო, რამდენიმე დღეში გაუუქმებიათ.
ჟურნალისტ ზვიად ქორიძის თქმით, ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებული კითხვები ნაწილობრივ მოიხსნება 2012 წლის 1 იანვრიდან, როდესაც ამოქმედდება ახალი კანონი. ამ კანონით მედიასაშუალებები ვალდებულნი იქნებიან კომისიაში წარადგინონ შესაბამისობის დეკლარაციები.
„ძალიან საინტერესო სურათს მივიღებთ, გავიგებთ, ვინ არიან მედიამფლობელები და რა ფულს დებენ ისინი თავიაანთ კომპანიებში,“- განაცხადა ქორიძემ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ რეკომენდაციას აძლევს მთავრობას, რომ არ შეზღუდოს კონკურენცია. ორგანიზაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, რომ დაიცვას ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არსებული წესები და საკუთარ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს მის მიერ წარმოებული რეკლამების მონიტორინგის შედეგები.
ანგარიშის სრული ტექსტი შეგიძლიათ წაიკითხოთ და სარეკლამო ბიზნეს–სექტორში
მოთამაშეების ურთიერთკავშირის ამსახველი რუკა ნახოთ შემდეგ ბმულზე http://transparency.ge/advertising.
ანგარიში ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Media.Ge-ს ვებ-გვერდიდან.


ახალი კომენტარის გამოქვეყნება