რუსულენოვანი "პირველი კავკასიური" მაუწყებლობისთვის ემზადება
ტელეარხ "პირველი კავკასიურის" ასამუშავებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. არხის პროგრამულ ბადეს შეავსებს საინფორმაციო გამოშვებები, საავტორო გადაცემები, მათ შორის, ოლეგ პანფილოვის საავტორო პროგრამა და ალა დუდაევას ტოქ-შოუ, ასევე, შემეცნებით - გასართობი პროგრამები. აი, რას ამბობს ზურაბ დვალი, "პირველი კავკასიურის" მთავარი პროდიუსერი:- ამ ეტაპზე მიმდინარეობს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, ვამზადებთ დეკორაციებს, შეკვეთილია აპარატურაც, თუმცა შეზღუდულები ვართ დროში, რადგან იანვრისათვის მაუწყებლობა უნდა დავიწყოთ. რაც შეეხება პროგრამებს, გვექნება საავტორო გადაცემები, ამ მიზნით მოვიწვიეთ რუსეთის ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი ოლეგ პანფილოვი, ჩეჩნეთის ექსპრეზიდენტის ჯოხარ დუდაევის მეუღლე ალანა დუდაევა, მზადდება ასევე შემეცნებითი გადაცემები, სერიალები, ასევე ვგეგმავთ კინოდოკუმენტალისტიკის ჩაშვებას პროგრამულ ბადეში.
-როგორი იქნება არხის საინფორმაციო პოლიტიკა?
-ჩვენ გვექნება რამდენიმე საინფორმაციო გამოშვება რუსულ ენაზე, საღამოს კი შემაჯამებელი გადაცემა, ასევე ანალიტიკური პროგრამა. არხის მთავარი მესიჯი იქნება კეთილმეზობლური ურთიერთობები და შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს იქნება ანტირუსული არხი. მსგავსი არაფერი იქმნება, ასეთი ამოცანა არ გვაქვს. ალანა დუდაევა წაიყვანს თავის საავტორო შოუს, ეს იქნება დილოგები იმ ცნობილ კავკასიელებთან, რომლებიც ჩრდილოეთ კავასიაში, რუსეთში ან სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. ეს გადაცემა იქადაგებს მშვიდობას კავკასიის რეგიონში.
-თბილისში შიშობენ, რომ მოხდება "პირველი კავკასიურის" ჩახშობა ჩრდილოეთ კავკასიასა და კონფლიქტურ რეგიონებში.
- როცა ამაზე საუბრობენ, მახსენდება საბჭოთა პერიოდი და იმდროინდელი ხელისუფლების მცდელობები, რომ მათთვის მიუღებელი ინფორმაცია არ მისულიყო ხალხამდე. თუ ჩვენ ვიქადაგებთ კეთილმეზობლობას და ვისაუბრებთ იმაზე, რაც სინამდვილეში ხდება მოსკოვსა და თბილისს შორის, ნუთუ ეს ჩასახშობია? ტექნიკური საშუალებები არის და ჩვენც ვიცით, რომ ხდება გადაცემების დაბლოკვა, მაგრამ ვიცით, როგორ ვიმაუწყებლოთ ისე, რომ ჩვენი ინფორმაცია მივიდეს დაინტერესებულ ადამიანებამდე.
- ხომ არ გეგმავთ ადგილობრივ კორესპოდენტებთან, მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიელ ჟურნალისტებთან თანამშრომლობას?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა დიდი არჩევანი კადრების კუთხით არ გაქვს. გავა გარკვეული დრო და ის ემოციები და აჟიოტაჟი, რაც რუსეთშია - ჩაცხრება. იქაც მიხვდებიან, რომ ის საქმე, რასაც ჩვენ ვემსახურებით, რუსეთსაც აწყობს. არის ძალიან ბევრი პრობლემა, რასაც არხის შექმნისას ვაწყდებით, თუმცა, იმედია, დროთა განმავლობაში გადაიჭრება.
- პრობლემა ხომ არ გაქვთ საქართველოში რუსულენოვანი კადრების მოძიებაასთან დაკავშირებით?
- საქართველოში ყოველთვის იყვნენ კარგი რუსულენოვანი ჟურნალისტები, დროთა განმავლობაში მათი ნაწილი წავიდა ქვეყნიდან, მაგრამ ბოლო დროს რუსეთიდან ბევრი ჟურნალისტი დაბრუნდა. ასევე, საქართველოშიც არის რესურსი და ვცდილობთ, რომ გამორჩეული სპეციალისტები მოვიწვიოთ, რომ არხი იყოს რეიტინგული.
ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრის დირექტორი ოლეგ პანფილოვი ყოველკვირეულ ნახევარსაათიან საავტორო გადაცემას წაიყვანს, გადაცემას ჰქვია "საქართველო ოლეგ პამფილოვთან ერთად":
- ჩვენ დღეს ვიღებდით საცდელ გადაცემას. პირველი გადაცემა მიეძღვნება მცხეთას და ჯვარის მონასტერს. ჩვენი პროგრამის მიზანია, ადამიანებს გავაცნოთ საქართველო. მგონია, რომ მცხეთა და ჯვარის მონასტერი ეს ის ადგილებია, საიდანაც, ჩემი მოსაზრებით, იწყება საქარართველო. მაყურებელს გავაცნობთ მცხეთას, ჯვარს, სვეტიცხოველს - საქართველოს ამ უძველეს ქალაქს. საავტორო პროგრამა გავა კვირაში ერთხელ. საქართველოს რეგიონებიდან გავაკეთებთ რეპორტაჟებს, მოვაწყობთ ექსპედიციებს ისტორიულ ადგილებში და მოვძებნით საინტერესო ადამიანებს.
-თქვენი აზრით, ასეთი ტიპის გადაცემით დაინტერესდება მაყურებელი?
-საქართველო იმყოფება იმ სიტუაცაში, როდესაც რუსული პროპაგანდა მთელი ძალით მუშაობს. მთელი წელი ცდილობდნენ ეჩვენებინათ, რომ საქართველო ცუდია და, ცხადია, ეს ადამიანებს შორის ურთიერთობებზეც აისახა. ჩემი მიზანია წარმოვაჩინო ისეთი საქართველო, როგორიც სინამდვილეშია და ვებრძოლო რუსულ პროპაგანდას, რა თქმა უნდა, საქართველოს არ აქვს ისეთივე ტექნიკური და მატერიალური რესურსები. ამის მიუხედავად, შევეცდები მაყურებელს მოვუთხრო იმ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოშია დამკვიდრებული. აქ ცხოვრობენ ეთნიკურად განსხვავებული ადამიანები და ა.შ. პირველი ჩემი გადაცემა, სავარაუდოდ 2010 წლის ოთხ იანვარს გავა.
მსურს ამ არხში მუშაობა. თხოვთ
დაუკაშირდით საზოგადოებრივ
ახალი კომენტარის გამოქვეყნება