რას მოუტანს მედიას მთვრალი სანტაკლაუსი?
საიდუმლო არაა, რომ ბავშვებთან ერთად ახალი წლის მოახლოება განსაკუთრებით ახარებს ტელევიზიებს, რომლებისთვისაც შობა–ახალი წელი ბევრი მაყურებლის, ბევრი რეკლმისა და ბევრი შემოსავლის მომტანია. თუმცა, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კვლევამ აჩვენა, საქართველოში გამოგზავნილი სანტაკლაუსები ყველა ტელევიზიას ერთნაირად როდი გაახარებენ. ვიღაცას კვლავ თავზესაყრელად ექნება რეკლამა, ვიღაცას კი გადაცემებს შორის მხოლოდ საკუთარი ანონსებისა და „პრომოების“ გაშვება მოუწევს. ასეთია რეალობა და რამდენიც უნდა აკრიტიკო „საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ კვლევა, ქართულ მედიაში შექმნილი ვითარება ამით უკეთესი ვერ გახდება.
უცნაური კანონზომიერებით, რეკლამა და რეკლამიდან მიღებული ძირითადი შემოსავალი იმ მედიაორგანიზაციებს აქვთ, რომლებიც ძლიერის მხარეს არიან, ძლიერი და მაგარი კი მოგეხსენებათ საქართველოში ვინცაა!
ეს კანონზომიერება არც მაშინ ირღვევა, როცა რომელიმე ტელევიზიის, ჟურნალის ან გაზეთის რეიტინგი და ტირაჟი იზრდება. 2008 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მკვეთრად გაიზარდა ტელეკომპანია „კავკასიის“ რეიტინგი, თუმცა ამ გარემოებას რეკლამის არათუ პროპორციული, არამედ რამენაირად თვალშისაცემი ზრდაც კი არ მოჰყოლია!
ცხადია, თავისუფალ გარემოში, სადაც ბიზნესს არ უწევს პოლიტიკური კონიუნქტურისათვის ანგარიშის გაწევა, სხვა, გაცილებით არაერთგვაროვანი ვითარება იქნებოდა. აქ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რომელიმე უხვრეკლამიან მედიაორგანიზაციას ხელმძღვანელობს გენიალური ფისქოლოგი და მარკეტინგის დიდოსტატი, რომელიც, როგორც ჰამელნელი მესტვირე ვირთხებს, ისე იმორჩილებს ჭირვეულ ბიზნესმენებსო, მაგრამ როგორ ავხსნათ ყველა გენიოსის ერთ პირობით მხარეზე თავმოყრა?
ცხადია, ერთმა ენერგიულმა და ჭკვიანმა რედაქტორმა მართლაც შეიძლება დაარწმუნოს რამდენიმე ბიზნესმენი, რომ რომელიმე სახელმწიფო მოხელესთან ინტერვიუს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ამ მოხელის საქმიანობაზე მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებას, მგარამ როცა ამას სისტემატურად და უპრობლემოდ აკეთებს ბევრი რედაქტორი, სულ ცოტა ეჭვი მაინც შეიძლება გაგვიჩნდეს!
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევამ ასევე გააჩინა ცდუნება, რომ იმ მედიაორგანიზაციას, რომელსაც რეკლამის მოზიდვა არ უჭირს სახელისუფლებო ვუწოდოთ, ხოლო ვისთვისაც რეკლამის მიზიდვა გადაულახავი პრობლემაა – ოპოზიციური. ცხადია, ვითარების სირთულე ამგვარი გამარტივების საშუალებას არ იძლევა. თუმცა, გარკვეულ კანონზომიერებაზე საუბარი მაინც შეიძლება. გავიხსენოთ, როგორ აშუქებენ ტელევიზიები პრეზიდენტის უკანასკნელი პერიოდის გატაცებას - ლამის ყოველ დღე საზეიმო ვითარებაში გახსნას ახალი შენობები, შეხვდეს რეგიონებში მცხოვრებ მოქალაეებს და ეს ყველაფერი სკურპულოზურად აღიბეჭდოს ფირზე.
„მაესტრო და „კავკასია“ პრეზიდენტის ამ გატაცებას, როგორც წესი, კრიტიკულად და მცირე ნიუსებით ეხმიანებიან, „პირველი არხი“ გაგებით ეკიდება და ვრცელ სიუჟეტებს უძღვნის, „რუსთავი ორი“ და „იმედი“ კი პრეზიდენტის მოგზაურობას ისეთი ენთუზიაზმითა და აღტაცებით აშუქებენ, როგორც თავის დროზე პირველი ქართული დოკუმნეტური ფილმის ავტორი ვასილ ამაშუკელი აკაკი წერეთლის მოგზაურობას რაჭასა და ლეჩხუმში.
და როგორ შეხვდნენ ტელევიზიები პრეზიდენტის სურვილს, ამოაშროს ზღვისპირა ჭაობი და ააშენოს კოლხეთის სამეფოს ქალაქი–ბასტიონი?
„პირველმა არხმა“, კარგი იდეააო, „რუსთავი ორმა“, შესანიშნავიაო და „იმედმა“, გენიალურიო. „მაესტრომ“, ბიძინა ივანიშვილის ჯინაზე კეთდებაო და „კავკასიამ“, რა სისულელეაო.
ყველაფერი საპირისპიროდ ხდება, როცა ახალი ამბების გმირი ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნებაა“. „პირველი არხის“ პათოსი – რუსეთში გამდიდრებულ ოლიგარქს დამოუკიდებლად ოცნება არ შეუძლია. „რუსთავი ორი“ – ოლიგარქის ოცნება საქართველოს დამონებაა. „იმედი“ – ქართველი ახალგაზრდების სისხლში გასვრილ ოლიგარქს ოცნების უფლება არ აქვს! „მაესტრო“ – არ ვიყიდებით, მაგრამ ბატონ ბიძინას შეუძლია დაგვეხმაროს და ისე იფიქროს „ქართული ოცნების“ ასრულებაზე! „კავკასია“ – რა პრობლემაა, ვიოცნებოთ, ოცნებას ჯერ არავინ მოუკლავს!
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაც ამყარებს რწმენას, რომ სწორედ ამგვარი სულისკვეთება (და არა ტარიფი, რეიტინგი და ტირაჟი) განსაზღვრავს იმას, სად მიიტანს ყოვლისშემძლე სანტაკლაუსი რეკლამას, რომელიც, სხვათაშორის, ბოლო დროს მაღალი კონცენტრაციის ალკოჰოლის აქამდე აკრძალული რგოლებითაც გამრავალფეროვნდა. დიახ, ქართული ტელევიზიების ეთერში არყის რეკლამა დაბრუნდა! წლების განმავლობაში აკრძალული იყო, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშის, სადაც კანონი კრძალავს 1.2%-ზე მეტი ალკოჰოლის შემცველობის მქონე სასმელების რეკლამირებას ტელევიზიასა და კინოში, ამასთან, უკრძალავს ალკოჰოლურ კომპანიებს სპორტული და კულტურული მოვლენების დაფინანსებას მათი პროდუქციის რეკლამირების თავიდან აცილების მიზნით. ბოლო დრომდე ჩვენთანაც ასე იყო (ერთი ხანობა მხოლოდ გივიან ღამით, იყო ნებადართული), მაგრამ ეს შეზღუდვა (ცხადია, ცალკეულ მედიაორგანიზაციათა ლობირებით) მოიხსნა და ამაში დიდად გასაკვირი არც არაფერია: მართლა ევროპა ხომ არ ვართ, რომ კანონით ან მედია-რეკლამების ნებაყოფლობითი კოდექსით შევიზღუდოთ თავი?!
რა თქმა უნდა, ალკოჰოს რეკლამით მნიშვნელოვნად გაიზრდება მედიაორგანიზაციების შემოსავალი, თუმცა, „არასახელისუფლებო მედია“ ვერც ამ შეთმხვევაში იხეირებს, თუ რა თქმა უნდა, კრისტალურად სუფთა (რუსული, უკარაინული, ფინური თუ ქართული) არყით მთვრალ სანტაკლაუსს ფეხი არ აუცდა და მათ კარზე არ დააკაკუნა...

ახალი კომენტარის გამოქვეყნება