კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ ჯიხურებისთვის გამოყოფილ ადგილებზე აუქციონის შეჩერებას ითხოვს
კოალიცია „არჩევანის თავისუფლებისათვის“ სავაჭრო ჯიხურებისთვის გამოყოფილ ადგილებზე მიმდინარე აუქციონის შეჩერებას და ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერ გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვს. ეს მოთხოვნა კოალიციის წევრებმა 28 ნომებერს გამართულ პრესკონფერენციაზე დააყენეს.
თბილისის მერიამ სავაჭრო ჯიხურების განთავსების უფლების მოსაპოვებად დედაქალაქის ქუჩებში, 1000 ადგილზე, აუქციონი 11 ნოემბერს გამოაცხადა. 150 ლოტი იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც წლების განმავლობაში პრესის გამავრცელებელი ჯიხურები დგას. მერიამ აღნიშნული ჯიხურების აღება უკვე მოსთხოვა მის მფლობელ კომპანიებს „პლანეტა ფორტეს“, „მაცნესა“ და „ელვასერვისს“. აუქციონი 29 ნოემბერს იმართება. გამარჯვებულ კომპანიას შეეძლება საკუთარ ჯიხურში ნებისმიერი სახის პროდუქცია გაყიდოს.
კოალიცია, რომელშიც შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ექსპერტი შედიან, მიიჩნევს, რომ თბილისის მერია პრესის გავრცელებას საფრთხეს უქმნის, რითაც მედიაზე ზეწოლას ცდილობს.
„საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლების მიზანი წინასაარჩევნოდ ბეჭდური მედიის განეიტრალებაა, რათა საზოგადოებამდე მივიდეს მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობას ნაციონალური არხებით მიეწოდება,“ - ითქვა პრესკონფერენციაზე.
კოალიციის წევრები აუქციონის მიმდინარეობის და მასში მონაწილე კომპანიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ. „გვითხრან, რა ეკონომუკური ეფექტი აქვს ამ აუქციონს, როგორ ჩაანაცვლებს ის იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რასაც პრესის გავრცელება ჰქვია, განგვიმარტოს გიგი უგულავამ, აუქციონის დასრულებამდე რატომ აიღეს უკვე არსებული ჯიხურები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიფიქრებთ, რომ ჩვენი შიში უსაფუძვლო არ არის, “ - უთხრა media.ge-ს კოალიციის წევრმა. „მედია მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ია მამალაძემ, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ.
კოალიციის წევრი მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ მერიამ ათასი ადგილიდან ერთი მესამედი სპეციალურად პრესისთვის უნდა გამოყოს და საგაზეთო ჯიხურებისთვის ცალკე მოაწყოს აუქციონი.
„უკვე ჩატარებულ აუქციონებში ერთი ლოტი 22 ათას ლარად გაიყიდა, რაც არარეალური ფასია ჯიხურისთვის,“ - თქვა ზვიად ქორიძემ, მისი ინფორმაციით, უკვე გაყიდულ ადგილებზე აუქციონი ხელახლა გამოცხადდა.
კოალიცია მოითხოვს, აუქციონი განახლდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიქმნება პრესის გავრცლების მყარი გარანტიები. აგრეთვე საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყოს მედიაექსპერტების მიერ მომზადებული და პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, პრესის გავრცელებასაც ეხება.
"ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ" კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება 2010 წლის მაისში მოხდა. თუმცა კანონმდებლებს ამ საკითხზე მას შემდეგ აღარ უმსჯელიათ.
კანონპროექტის მე-4 მუხლის თანახმად: „ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ჯიხურების, შენობაში და მის გარეთ დადგმული სტენდების/მაგიდების, დატარების, ხელმოწერის სისტემის მეშვეობით. სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს ეკრძალება სანებართვო რეჟიმის შემოღება და მოსაკრებლის დაწესება ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის და ამ პროდუქციის გასავრცელებლად სტენდის/მაგიდის დადგმისათვის და ჯიხურის განთავსებისათვის, თუ სტენდი/მაგიდა ან ჯიხური გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად“.
იმ პირებს, ვისაც აუქციონში მონაწილეობის სურვილი აქვს, კოალიცია მოუწოდებს თავი შეიკავონ და არ მიიღონ მონაწილეობა იმ ადგილების აუქციონში, სადაც 25 ნოემბრამდე პრესის ჯიხური იდგა. კოალიციის წევრები ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს სთხოვენ, საკუთარ გამოცემებში გამოაქვეყნონ იმ ლოტების დასახელება, რაც უკვე არსებულ საგაზეთო ჯიხურებს ემთხვევა.
პრესის წარმომადგენლები 29 ნოემბერს 14:00 საათზე აუქციონის საპროტესტო აქციას თბილისის მერიასთან გამართავენ.
თბილისში არსებულ ჯიხურებთან დაკავშირებით თბილისის მერიამ 24 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, „ქალაქში არსებული ძველი და უსახური ჯიხურების ნაცვლად, თბილისში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე დიზაინის ჯიხურები დაიდგმება.“
„აუქციონში მონაწიელეებისთვის შეზღუდვები არ არსებობს. მსურველებს შეუძლიათ პრესასთან ერთად ჯიხურში სხვადასხვა სახის პროდუქცია განათავსონ, როგორც ეს აქამდეც ჰქონდათ. ამით ისინი ჩვეულებრივ კონკურენტუნარიანები ხდებიან. როდესაც საუბარია, რომ ეს ბიზნესი ვერ გაუძლებს კონკურენციას,გაურკვეველია, რადგან პრესის ჯიხურებში აქამდეც იყიდებოდა თამბაქო, გამაგრილებელი სასმელები, თუ სხვა სახის პროდუქცია. ასევე, ამ პირებს შეუძლიათ გააფორმონ ხელშეკრულებები გამარჯვებულ კომპანიებთან.“, ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება