18 ოქტომბერი, 2011 - 19:09

ინტერესთა კონფლიქტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიაში

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ამ თანამდებობაზე  ინტერესეთა კონფლიქტში  იმყოფება,  ვინაიდან ის ფლობს კომპანია „მაგის სტილი მედიას“ წილის 35%-ს,  რომლის  ძირითადი საქმიანობა ტელევიზიებში რეკლამების განთავსებაა.

 ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის   საქმიანობის მონიტორინგის დასკვნაში,  რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“, „ღია საზოგადოება საქართველოს“ დაფინანსებით ჩაატარეს.  მონიტორებმა  2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის სექტემბრამდე პერიოდში კომისიის მუშაობა შეისწავლეს, შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია კი მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართეს.

 შეხვედრას მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მონიტორინგის თანახმად, შპს „მაგი სტილი მედიას“,  ირაკლი ჩიქოვანის გარდა,  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის  გენერალური დირექტორი გიორგი გეგეშიძე (49%) და კომპანია „მაგი სტილი“ (16%) ფლობენ. თავად „მაგი სტილი“ კი 33-33%-ით კვლავ ჩიქოვანს, გეგეშიძესა და გიორგი კურცხალიას ეკუთვნის.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ „მაგი სტილის“ მიერ მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად,  ჩიქოვანის კომპანია ვალდებულია „განათავსოს დამკვეთის მიერ წარმოდგენილი მედიაგეგმის საფუძველზე სარეკლამო რგოლები შემდეგ არხებზე: „რუსთავი 2“, „1 სტერეო“, „იმედი“, „მზე“, „საქართველო“, „პირველი არხი“.  მონიტორები მიიჩნევენ, რომ აქედან გამომდინარე, ირაკლი ჩიქოვანის შემოსავლები დამოკიდებულია ტელეკომპანიების სამაუწყებლო ბადეში შპს „მაგი სტილის“ მიერ განთავსებული რეკლამების ოდენობასა და ტარიფებზე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, რომელიც 2010 წელში  წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციას ეყრდნობა, ირაკლი ჩიქოვანის შემოსავალმა,  საწარმოს საქმიანობით,    201 708 ლარი შეადინა.

 კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ლევან დოლიძის თქმით, ჩიქოვანს შესაძლებლობა აქვს თავისი სამსახურეობრივი მდგომარების გამოყენებით რეაგირების გარეშე დატოვოს მაუწყებლების მიერ სარეკლამო ჭრისთვის დაწესებული ლიმიტის დარღვევის ფაქტები. „კომისიის თავმჯდომარის ინტერესებში შედის, რომ რაც შეიძლება დიდი ქრონომეტრაჟით გავიდეს მისი კომპანიის მიერ წარმოებული რეკლამები, ეს კი ინტერესთა კონფლიქტია“, - აღნიშნა პრეზენტაციაზე  დოლიძემ.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით გაწერილია თუ რა პერიოდულობით და რა ხანგრძლივობით უნდა გავიდეს რეკლამა ტელეკომპანიების ეთერში. მისი დარღვევის შემთხვევაში კომისია მაუწყებელს პირველ ეტაპზე გაფრთხილებას აძლევს, ხელახლა დარღვევის შემთხვევაში კი აჯარიმებს.

ამავე კანონის მიხედვით ინტერესთა კონფლიქტია მაშინ, როცა  კომისიის წევრს აქვს „პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.“

კომისიის სამართლებრივი დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახი ყურაშვილმა  დღევანდელ შეხვედრაზე კვლევას ტენდენციური უწოდა და აღნიშნა, რომ ინტერესთა კონფლიქტი იურიდიულად ვერ იქნება, ვინაიდან, კომისია არეგულირებს მაუწყებლებას და არა რეკლამას.

„კომისიის თავმჯდომარე ვერ განსაზღვრავას რამდენი შეკვეთა იქნება სარეკლამო ბაზარზე, ის ასევე ვერ დაადგენს რეკლამის განთავსების ტარიფებს, ვინაიდან ამას მაუწყებლები ადგენენ და არა სარეკლამო კომპანიები,“ - თქვა ყურაშვილმა და დასძინა, რომ რეკლამის განთავსების ლიმიტებს კანონი არეგულირებს, რისი შეცვლის კომპეტენციაც ჩიქოვანს არ აქვს.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, კომისიის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაცემული 47 სანქციიდან მხოლოდ ორი ეხება სარეკლამო დროის ლიმიტის დარღვევას.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის თქმით, ეს მონაცემი მიუთითებს იმაზე, რომ კომისია შესაბამის რეაგირებას მხოლოდ ჩიქოვანის ინტერესების გათვალისწინებით არ ახდენს.

„მედიაში ფული რეკლამიდან შედის, კომისიას რეკლამა არ აინტერესებს გასაგები მიზეზების გამო. არადა კომპანიები სარეკლამო ჭრების ლიმიტებს რომ რეგულარურად არღვევენ, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება,“ - აღნიშნა ტუღუშმა. 

ჟურნალისტურმა ორგანიზაციებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არაერთხელ მიმართეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედზე“ კანონით დადგენილი   სარეკლამო დროის  ლიმიტის დარღვევისთვის.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.