8 ნოემბერი, 2011 - 22:05

GARB-მა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებებსა და მათი უსაფრთხოების საკითხზე დისკუსია გამართა

GARB-მა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებებსა და მათი უსაფრთხოების  საკითხზე დისკუსია გამართა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსის“ ოფისში 8 ნოემბერს კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებლები, ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრის ორგანიზატორი იყო საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB), რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება -საქართველოს“ მხარდაჭერით სატელევიზიო გადაცემა „მრავალკუთხედს“ ამზადებს. ამ გადაცემაში კონფლიქტი ზონებში მიმდინერე მოვლენები ხშირად შუქდება. სოხუმიდან, გალიდან, გაგრიდან და ცხინვალის რეგიონებიდან მომზადებულ რეპორტაჟებში გაშუქებულია იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დარღვევების ფაქტები.  დაკავება, უკანონო პატიმრობა, ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა.  

დისკუსიის თემა, კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებები და მათი უსაფრთხოების  საკითხები იყო. რა შეიძლება გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციების, ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლებმა იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში ინციდენტების რაოდენობა შემცირდეს და იქ მცხოვრებმა ადამიანებმა უსაფრთხოდ იგრძნონ თავი. როგორც ცნობილია, ეგრეთწოდებული გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ბოლო პერიოდში არაერთი ადამიანის დაკავება, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მოხდა. ვითარება მას შემდეგ უფრო დამძიმდა, რაც რუსმა მესაზღვრეებმა ეგრეთწოდებული საზღვრები გაავლეს. ამის შემდეგ არაერთი სახლი და მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დისკუსია სწორედ ამ თემაზე გამართეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის კახა ტოლიაშვილის განცხადებით, მოლაპარაკება რუსულ მხარესთან უშედეგოდ მიმდინარეობს, ოსური მხარე კი მთლიანად რუსული მხარის ნება-სურვილზეა დამოკიდებული.

სოფელ დვანის რწმუნებულმა გოჩა ნებიერიძემ აღნიშნა, რომ სოფელში მავთულხლართების გაბმისა და ეგრეთწოდებული საზღვრების მონიშვნის შემდეგ ვითარება უფრო გართულდა, რადგან დვანელების ერთ ნაწილს ნაკვეთებში მისასვლელი გზა ჩაეკეტათ. ნებიერიძის განცხადებით მისი თანასოფლელები საკუთარი რისკის ფასად ნაკვეთებს მაინც ამუშავებენ.

არინა თავაქარაშვილი, რომელიც კონფლიქტის საკითხებით არის დაინტერესებული მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა მუდმივად უნდა ხდებოდეს და ქართული და ოსური საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს პრობლემატურ საკითხებზე კონსულტაციებს უწევდნენ, რათა ნდობის აღდგენის პროცესი დაიწყოს.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ მედიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს კონფლიქტის ზონებს. სამწუხაროდ დიდი სატელევიზიო არხები იქ მიმდინარე პროცესებს თითქმის აღარ აშუქებენ. კუპრაშვილის თქმით საზოგადოების ინფორმირება მათივე უსაფრთხოების მიზნით მნიშვნელოვანია და ამ პროცესში მედიამაც საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს.

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ, მსგავსი დისკუსია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების თემაზე ბათუმში უკვე გამართა.  

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.