„დედანატირები“ საერთაშორისო სტანდარტები და სოლიდარობა

ჟურნალისტური სტანდარტები

ქართულ მედიაზე ლაპარაკი უფრო და უფრო რიტორიკული ხდება. რიტორიკასთან ერთად პროცესები ხშირად კომიკურ ელფერსაც იძენს. მაგალითად, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისა და ნინო ჯანგირაშვილის მიკროფონებით ხმალაობა, ანდა შალვა რამიშვილის უჩვეულო არტისტიზმით ნამტკიცები მედიასტანდარტების უმნიშვნელობა, ვერაფრით გავიაზრე როგორც სერიოზული ჟურნალისტური აქტი. გარდა ამისა, „ყვავს რა ჰქონდა, ბუს გაჰქონდას“ პრინციპით, რადიო „ჰერეთი“ „მედია ჰაუს დეკომს“ ლიცენზიაში ეცილება, რეგიონული მედიასაშუალების წარმომადგენლები რიგ-რიგობით უჩივიან ერთმანეთს და ამ ყველაფრის პარალელურად ნაციონალური მაუწყებლები ისევ „სინგაპურში ლივლივებენ“. მოკლედ, კაცი ბჭობდა, „ღმერთი“ იცინოდა.

ამ ყველაფერთან ერთად, გასული კვირა კიდევ ერთი ჟურნალისტური ორგანიზაციის დაარსებით აღინიშნა. არაფერს ვიტყვი იმაზე, თუ მერამდენე ორგანიზაცია შეიქმნა უკვე ამ მიზნით. საინტერესოა, ვინ მოაწერა ხელი „სოლიდარობა - მედიის თავისუფლებისთვის“ მემორანდუმს. ყველა მათგანს არ ჩამოვთვლი, ჩემთვის ყველაზე საგულისხმო რამდენიმე მედიასაშუალების ამ ორგანიზაციაში მოხვედრაა. ესენია - რადიო „ობიექტივი,“ გამოცემა „ასავალ-დასავალი“ და მედიაჰოლდინგი „ალია“. მარტივი ენით რომ ვთქვათ, ქვეყნის ყველაზე ცუდი მედიასაშუალებები. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი სუბიექტური შეფასებაა, თუმცა შევეცდები, ჩემი სუბიექტური აღქმის მიზეზები განგიმარტოთ.

ჰო, მოკლედ, ამ მედიასაშუალებებმა უნდა იზრუნონ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ბოდიში, მაგრამ არ მჯერა, არ მინდა და არ მაინტერესებს, რას დაიცავს ეს სამი მედიასაშუალება. მიზეზი მარტივია, მაშინ როდესაც გაზეთს/რადიოს/ტელევიზიას არ გააჩნია არანაირი მორალური კომპასი, არ იცავს არათუ მედიის, არამედ ადამიანური ეთიკის არცერთ ნორმას, არის ქსენოფობიის, თითქმის ფაშიზმში გადასული იდეოლოგიის აგიტატორი, როცა ადამიანების პირადი ცხოვრების, ღირსების შელახვა უმთავრეს სტანდარტად აქვთ ქცეული, ვერ ვხვდები, რატომ უნდა გამიჩნდეს სოლიდარობის გრძნობა მათ მიმართ. ვერც იმას ვხვდები, რატომ უნდა მინდოდეს მათი გამოხატული სოლიდარობა.

რა თქმა უნდა, სიტყვის თავისუფლების დაცვა ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა. თუმცა, სულაც არ მგონია, რომ ამ სამ მედიასაშუალებას ოდესმე რამე ქონდათ სათქმელი და ვერ თქვეს. თუკი მათ ზოგადად ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა აწუხებთ, პირველ რიგში საკუთარი ქმედებით უნდა დაგვანახონ სამართლიანობის და ეთიკურობის ეფექტურობა.

საერთოდ არ მგონია, რომ ეს გაზეთები, თუ რადიო, რაიმე სახის პოზიტიურ გავლენას ახდენენ საზოგადოებაზე. მათი „წარმოებული“ ინფორმაცია ისეთივე დიდი ბოროტებაა, როგორც მათი საპირწონე სახელისუფლებო მედიასაშუალებების. თუკი მეტყვით, რომ რადიო „ობიექტივს,“ „ასავალ-დასავალს,“ ან „ალიას“ თავისი მსმენელი და მკითხველი ყავს, ამიტომაც ამ მედიასაშუალებების არსებობა მნიშვნელოვანიაო, ვერც ამაში დაგეთანხმებით.

ქეცს ფხანა არ შველის, მას მკურნალობა უნდა, ფხანით კი დიდი-დიდი კანი გაიღიზიანო. ზუსტად ასევე მგონია, რომ თუკი ქვეყანაში/საზოგადოებაში რამე პრობლემას ხედავ მისი გაღიზიანება და ამით გულის მოფხანა კი არ უნდა დაიწყო, არამედ სერიოზულად უნდა „უმკურნალო“ და არა ისე, როგორც ეს სამი მედიასაშუალება იქცევა.

ინფანტილიზმი მგონია იმის მტკიცება, რომ მედიის სტანდარტების დაცვა და ეთიკის ნორმების მართლა ნორმებად ქცევა მხოლოდ „დავარცხნილი დემოკრატიის“ პირობებში შეიძლება. შალვა რამიშვილის თქმის არ იყოს, ამ მედიასაშუალებების უმთავრესი პრინციპი არის ასეთი - „დედა ვატირე ყველა საერთაშორისო სტანდარტის საქართველოში, როცა ასეთი ხალისუფლება გვყავს“. მე კი მგონია, რომ ზუსტად ასეთი პრინციპის გამო აქვს საქართველოსაც და ქართულ მედიასაც დედა ნატირები. „საერთაშორისო სტანდარტი“ არ ნიშნავს საზღვარგარეთის სტანდარტს. როგორც წესი, ისინი ადამიანური და პროფესიული გამოცდილებით იქმნებოდა და არა ეთნიკური ნიშნის, თუ სადემარკაციო ხაზების გათვალისწინებით.

არ უგულებელვყოფ ზემოდან წამოსული ინიციატივების, თუ ნების მნიშვნელობას, მაგრამ სულაც არ მგონია, რომ ხელისუფლების დემოკრატიზაცია ტოტალურად გამოაჯანსაღებს საზოგადოებას, დააფრთიანებს სიტყვის თავისუფლებას  და ჩვენც ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად. გამოჯანსაღების პროცესი, ზუსტადაც რომ მედიასაშუალებებიდან და ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან უნდა დაიწყოს. როდესაც „ასავალ-დასავალი“, „ალია“ და „რადიო ობიექტივი“ მედიასაშუალებები იქნებიან არა მხოლოდ ფორმით, არამედ შინაარსითაც, მაშინ შეიძლება მე როგორც რიგით ჟურნალიტს, მათდამი სოლიდარობის განცდა გამიჩნდეს. მანამდე კი მგონია, რომ ამ მედიასაშუალებებზე მეტად, ადამიანებს სჭირდებათ დაცვა სწორედ მათგან და მათი მედიაპროდუქტისგან.

იცი რა მინდა რომ გითხრათ

იცი რა მინდა რომ გითხრათ თქვენ ძალიან ცუდად იცნობთ რადიო ობიექტივს და მის საქმიანობას, იქ ადამიანები საუბრობენ ყველაფერზე რაც მათ აწუხებთ, რადიოში არ არსებპსბს არანაირი ცენზურა, ყველას სეუძლია ის თქვას რასაც ფიქრობს და ეს ტყულია თუ მაღტალი მსმენელი თავდ განსჯის, ასეთი სივრცე არ არსებობს არცერთ მედიაში, რაც შეეხება ხარისხის რადიოს ხელმძრავნელმა თქვენზე უკეთ იცის რა და როგრო უნდა იყოს და ისეც იქნება როგორც უნდა იყოს კარგი მედია საშუალება. რადიოს შედარება იმ ორი გაზეთისათვის რაც თქვენ ჩამოთვალეთ უბრალოდ აფსურდია. ახალ კიდევ მინდა ასეთი რამე გირჩიოთ სუბიექტურობა, როდესაც საზოგადების ინფორმირებას ისახავს მიზნად და საზოგადოდ ქვეყნდება, მითუმეტეს ასეთი სუქიექტურობა უბრალოდ მაღუპველია და დემაგოგიაა, ამასა ასე ჰქვია. ასევე მიმოიხილავთ სხვა ~მედიასაშუელებებსაც და იგივეს აკეთებთ ოღონდ გამიზნულად ცუდად, რასაც აქ ამბობთ მკურნალობაზე. საზოგადოება რომელიც თავის ცხოვრებაზე და ბედზე საუბრობს ეს სხვა პრობლემა, ის კი რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის დაბოღმილი უნიჭობის ზეობა. დაფიქრდით კარგად, თუ ანალიზის უნარი გავთ ამით მაინც წაადექით ვიმეს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, სანამ რამეს დაწერთ კარგად დაფიქრდით. ისე კი ყველაფერი კარგად რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში თქვენს "მოღვაწებასაც"დაერქმეოდა სახელი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.