დასრულდა რეგიონული ტელეჟურნალისტების პროფესიული ტრენინგის პირველი რაუნდი
13 აპრილს თბილისში დასრულდა ჟურნალისტთა პროფესიული ტრენინგის პირველი რაუნდი. მასში მონაწილეობას საქართველოს რეგიონული ტელევიზიების წარმომადგენლები იღებდნენ.
სემინარი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მედია მონიტორინგის ხელშეწყობის" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ახორციელებს.
სემინარის პირველი ეტაპის დახურვის ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „ბეთსში" გაიმართა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ელჩი ფილიპ დიმიტროვი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელი ოლივერ რაისნერი დაესწრნენ.
ფილიპ დიმიტროვის თქმით, დამოუკიდებელი და დაბალანსებული მედია დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„18 თვე არ არის საკმარისი, რომ მედია მონიტორინგის საქმეში ძირეული ცვლილებები მოხდეს, მაგრამ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ საბოლოო ამოცანისკენ."
ელჩის თქმით, აუცილებელია, ქვეყანაში საგამოძიებო ჟურნალისტიკა განვითარდეს და ჟურნალისტებმა გამოიყენონ ის ტექნიკა, რომელიც მოვლენის მიუკერძოებელ გაშუქებას გულისხმობს.
„მედიის აქტიური როლი ხდის მას საინტერესოს, ხოლო როცა მედია პასიურია, მას შედეგი არ მოაქვს", აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ჯეიმი მაკგოლდრიკის თქმით, სემინარი არის „ ნაწილი იმ დიდი პროგრამისა, რომელსაც ქვია დემოკრატიის განვითარება საქართველოში":
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ სემინარს ესწრებიან რეგიონული მედიის წარმომადგენლები. მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ჟურნალისტიკა განვითარების საწყის ეტაპზეა, ამიტომ მიხარია, რომ თქვენ ამ სემინარს გიკითხავთ ქალბატონი [ასია შიაბი], რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალების წარმომადგენელია, იმედი მაქვს ამ გამოცდილებას გამოიყენებთ , რაც საბოლოოდ წაადგება საქართველოში დემოკრატიის გაბვითარებას", აღნიშნა მალგოლდრიკმა.
ასია შიაბი ახალი ამბების სააგენტო France-Presse-ის წარმომადგენელია.
ტრენინგის 7 რაუნდი რეგიონული ტელევიზიებისთვისაა განკუთვნილი და 2011 წლის აპრილიდან ნოემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას რეგიონული ტელევიზიის 50 ჟურნალისტი მიიღებს. ტრენინგის საკითხები მოიცავს: ახალი ამბების გაშუქებას, საგამოძიებო ჟურნალისტიკას, ეთიკის სტანდარტებს მედიაკანონმდებლობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.


ახალი კომენტარის გამოქვეყნება