სიახლეები

6 თებერვალი, 2012 - 17:51
საქართველოს პარლამენტი

„სატელევიზიო სტანდარტულ კამერებს პარლამენტის სხდომების გადაღება არ შეეძლებათ, ამას მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის კამერა შეძლებს, თუმცა ჟურნალისტები არ იქნებიან შეზღუდული პარლამენტის დარბაზში სხდომის მიმდინარეობა პატარა კამერით ან მობილური ტელეფონით გადაიღონ“, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა media.ge-თან საუბრისას განაცხადა.

6 თებერვალი, 2012 - 15:09
გაზეთი

გაზეთ „გურია ნიუსის“ (გურიის რეგიონი, დასავლეთ საქართველო) რედაქცია ადგილობრივ ხელისუფლებას გამოცემის გავრცელების ხელშეშლაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „გურია ნიუსის“ მიერ 6 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

6 თებერვალი, 2012 - 13:22
თამარ კორძაია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი თამარ კორძაია დაინიშნა. მდივნის პოსტზე კი კვლავ დავით კლდიაშვილი დარჩა. ეს გადაწყვეტილება ქარტიის საბჭომ 5 თებერვალს გამართულ სხდომაზე მიიღო.

საბჭოს თავმჯდომარის,ზვიად ქორიძის თქმით, ამ ვაკანსიაზე მხოლოდ შვიდი განაცხადი შევიდა, საიდანაც ჯერ სამი კანდიდატი შეარჩიეს, საბოლოოდ კი უპირატესობა თამარ კორძაიას მიანიჭეს.

6 თებერვალი, 2012 - 12:59

„ალია ჰოლდინგი“ ტელეკომპანიებს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „რეალ TV“-ს ცილისწამებისთვის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში უჩივის. ჰოლდინგის იურისტი ვასილ ტიტვინიძე გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ „რეალ TV“-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანის საფუძველი 2012 წლის 5 იანვარს ამ ტელეკომპანიის ეთერში გასული სიუჟეტი გახდა, სადაც „ალია ჰოლდინგი“ ბიძინა ივანიშვილისგან ფულის აღებაშია დადანაშაულებული.